პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ წარმომადგენლებმა ბერლინალეზე შეხვედრები გამართეს
პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ წარმომადგენლებმა ბერლინალეზე შეხვედრები გამართეს

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, საუბარი შედგა კინოინდუსტრიის დარგში  წამყვან გამომცემლობებთან – Variety, The Hollywood Reporter, Sight & Sound Theatres, filmcomment და ამერიკელ, ინგლისელ, ინდოეილ და კანადელ გამოჩენილ პროდიუსერებთან. მათ  საქართველოს კინოინდუსტრიის განვითარების პროგრამის მიმართ ინტერესი გამოხატეს.

ბერლინალეზე წარმოდგენილია კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის საინფორმაციო სტენდიც, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ე.წ „cashrebate“ მექანიზმის შესახებ.

„ბოლო წლების მანძილზე, საქართველომ, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების საუკეთესო ლოკაციამ, საერთაშორისო აღიარება მოიპოვა კინოინდუსტრიის სფეროში. ცოტა ხნის წინ, ამერიკულმა გამომცემლობამ Variety, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების ერთ-ერთ საუკეთესო ლოკაციად მოიხსენია და მისი პოტენციალის შესახებ  სტატია მოამზადა, სათაურით: „პოსტსაბჭოთა ქვეყანა კინომწარმოებლებს განსხვავებულ, ამოუცნობ და ეგზოტიკურ ლოკაციებს სთავაზობს“, – აღნიშნულია „აწარმოე საქართველოში“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მათი ინფორმაციით, 2018 წლის თებერვლის მონაცემებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში შესულია 10 განაცხადი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულდა ცხრა ფილმზე, ერთზე გადაღებები გრძელდება. პროექტებიდან ოთხი ინდური კინოპროდუქციაა, ერთი ქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპროდუქცია, ერთი ქართულ-ამერიკულ-ნორვეგიული, ორი ქართულ-ფრანგული და ერთიც ამერიკული. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად, საქართველოში ჯამურად 17 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, გადაღებებისას კი, დასაქმებულთა რაოდენობა 1850 ადამიანს შეადგენს.

სააგენტოს ინფორმაციით, დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.