ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის ადგილზე სროლის ხმა ისმის
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის ადგილზე სროლის ხმა ისმის

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს ამ წუთებში სროლის ხმა ისმის. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სპეცოპერაციის ადგილზე რამდენიმე აფეთქების ხმაც გაისმა.

დაახლოებით, ერთი საათის წინ კი მოქალაქეებს იმ კორპუსის დატოვება სთხოვეს, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

როგორც ერთ-ერთმა მცხოვრებელმა პირველ არხს განუცხადა, სამართალდამცავებმა კორპუსის დატოვება სთხოვეს და უთხრეს, რომ მეტ ინფორმაციას ვერ მიაწვდიდნენ.

კორპუსთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. პოლიციას მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული და იქ შესვლის უფლებას არავის აძლევს.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს.

სუს-ის ცნობით, პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

სუს-ში აცხადებენ, რომ სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია.