სპეცოპერაციის ადგილზე სასწრაფო დახმარების ერთი მანქანა მივიდა (ფოტოები)
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც სპეცოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება, სასწრაფო დახმარება მივიდა.
ადგილზე რჩება საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ადგილობრივების ცნობით, სამართალდამცავების ნაწილი იმ კორპუსის მეორე სართულზე იმყოფება, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გვიან ღამით ისმოდასროლის ხმა. გარდა ამისა, იყო რამდენიმე აფეთქებაც.
მანამდე კი, დაახლოებით 04:00 საათზე სამართალდამცავებმა მოქალაქეებს სთხოვეს, ის კორპუსი დაეტოვებინათ, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა. როგორც ერთ-ერთმა მცხოვრებელმა პირველ არხს განუცხადა, სამართალდამცავებმა კორპუსის დატოვება სთხოვეს და უთხრეს, რომ მეტ ინფორმაციას ვერ მიაწვდიდნენ.
სპეცოპერაციის ადგილზე პოლიციას მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული და იქ შესვლის უფლებას არავის აძლევს.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს.
სუს-ის ცნობით, პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
სუს-ში აცხადებენ, რომ სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია.