მოქალაქეებს იმ კორპუსის დატოვება სთხოვეს, სადაც სუს-ი სპეცოპერაციას ატარებს
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოქალაქეებს იმ კორპუსის დატოვება სთხოვეს, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
როგორც ერთ-ერთმა მცხოვრებელმა პირველ არხს განუცხადა, სამართალდამცავებმა კორპუსის დატოვება სთხოვეს და უთხრეს, რომ მეტ ინფორმაციას ვერ მიაწვდიდნენ.
მოქალაქეები საცხოვრებელ კორპუსს ამ წუთებში ტოვებენ. ისინი აცხადებენ, რომ სამართალდამცავები შენობის მეორე სართულზე არიან განლაგებული.
კორპუსთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. პოლიციას მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული და იქ შესვლის უფლებას არავის აძლევს.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს.
სუს-ის ცნობით, პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
სუს-ის სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია.