ბექა წიქარიშვილმა მოსამართლის წინაშე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა აღიარა
სასამართლო პროცესზე ბექა წიქარიშვილმა მოსამართლის წინაშე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა აღიარა.
წიქარიშვილმა პროცესზე მოსამართლეს უთხრა, რომ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენის გამო აღელვებული იყო და ამ ფორმით პროტესტი გამოხატა.
„ვადასტურებ ამ ქმედებას. ეს გამოწვეული იყო გიორგი გიორგანაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენით. ამაღელვებელი იყო და მძიმე. სხვა მოლოდინი გვქონდა. სასამართლო დაეყრდნო ორი პოლიციელის ჩვენებებს. ყველას გვქონდა გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი. იმავე მოსამართლემ გაათავისუფლა გიორგანაშვილი, აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა შეუცვალა და მოულოდნელად მოხდა ასეთი რამ. ვეთანხმები სამართალდარღვევის ოქმს“, – განაცხადა წიქარიშვილმა.
თორნიკე ბზიავა და ბექა წიქარიშვილი მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა გუშინ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ დააკავეს.
სამართალდამცველების ცნობით, სასამართლოს ეზოში გასვლის შემდეგ, ერთ-ერთი მათგანი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სასამართლოს, ხოლო მეორემ შენობის მიმართულებით აგური ისროლა, რის შედეგადაც ცენტრალური შემოსასვლელის მინა ჩაიმსხვრა.
თორნიკე ბზიავა 500-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ბექა წიქარიშვილი კი დიღმის სამმართველოში წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.