ბექა წიქარიშვილი - შს მინისტრმა გვითხრა, რომ თუ ნახავს კონკრეტულ გადაცდომებს, მზად არის, მოიხადოს ბოდიში

შს მინისტრმა გვითხრა, რომ თუ ნახავს კონკრეტულ გადაცდომებს, მზად არის, მოიხადოს ბოდიში, – ამის შესახებ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენელმა ბექა წიქარიშვილმა აქციაზე განაცხადა.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

როგორც წიქარიშვილმა აღნიშნა, მინისტრმა მათ უთხრა, რომ პასუხისმგებლობას არასდროს გაურბის.

ამასთან, ხვალ 10:00 საათიდან მინისტრთან ერთად განიხილავენ პარასკევის ღამის მოვლენებს.

„ის მზად არის, რომ ვინც ჩაიდინა გადაცდომები, პასუხი აგონ“, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

მისი თქმით, მიიღეს დაპირება, რომ განახლდება ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობა.

„მინისტრმა გვითხრა, რომ ის მზად არის, ამის შესახებ თავადაც განაცხადოს საჯაროდ. ეს არის ის, რაც შემოგვთავაზეს.

მინდა გავიაზროთ ყველამ ერთი რამ, ამ შემოთავაზების მიღება ჩვენს მოძრაობას არაფერს ვნებს და აკლებს. პირიქით ჩვენ ისეთი ძლიერები ვართ, როგორც არასდროს.

შესაძლო დაპირისპირება საფრთხეს უქმნის ყველას. არ გვსურს დაპირისპირება და ესკალაცია, საზოგადოებრივი აზრის ორად გაყოფა“, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.