ბექა წიქარიშვილი აცხადებს, რომ შს მინისტრთან შეხვედრიდან შესაძლოა, მნიშვნელოვანი შედეგები მიიღონ
ბექა წიქარიშვილი აცხადებს, რომ შს მინისტრთან შეხვედრიდან შესაძლოა, მნიშვნელოვანი შედეგები მიიღონ

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლის, ბექა წიქარიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები აქციის მონაწილეების ყველა მოთხოვნაზე.

ის აქციის მონაწილეებთან რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა და განცხადების გაკეთების შემდეგ, ისევ დაბრუნდა შს მინისტრთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, შეხვედრის შემდეგ, შესაძლოა, მიიღონ მნიშვნელოვანი შედეგები.

წიქარიშვილმა აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„ყველა ჩვენს მოთხოვნაზე მიდის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები. შესაძლოა, ჩვენ მივიღოთ მართალაც მნიშვნელოვანი შედეგები, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, რაღაც პერიოდის განმავლობაში, იქნებ, შედარებით შევინარჩუნოთ სიმშვიდე, რადგან სიმშვიდე არის ჩვენი ტონი“, – განაცხადა წიქარიშვილმა.

როგორც მან აქციის მონაწილეებს უთხრა, ბრუნდება შეხვედრაზე და ინფორმაციას მოლაპარაკებებისა და შედეგების შესახებ მოგვიანებით კვლავ მიაწვდის მათ.

„მთავარია, ვიყოთ ერთიანად, ვიყოთ ძლიერად და მტკიცედ. მადლობა, რომ ხართ აქ და იბრძვით სიმართლისთვის და ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის“,- განაცხადა წიქარიშვილმა.