ბექა წიქარიშვილი - პროტესტი ძალაში რჩება, თუ თანამშრომლობის ფორმატმა არ გაამართლა, ისევ პროტესტის ფორმატში გადავინაცვლებთ
ბექა წიქარიშვილი - პროტესტი ძალაში რჩება, თუ თანამშრომლობის ფორმატმა არ გაამართლა, ისევ პროტესტის ფორმატში გადავინაცვლებთ

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლები დღეს გამართულ შეხვედრაზე ორი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ბექა წიქარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ერთი ჯგუფი უშუალოდ 12 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციისას სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების საკითხზე იმსჯელებს და მეორე  – ნარკოპოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით.

სპეცოპერაციის ღამეს გადაღებული ვიდეომასალა კი, შესასწავლად სახალხო დამცველს გადაეცემა.

„ჩვენთვის პრინციპულია საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია. ჩვენ ვართ საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები. ჩვენთვის პრინციპული საკითხი იყო ფორმატის განსაზღვრაზე  აგვეღო ინიციატივა, ამაზე მინისტრი დაგვთანხმდა.  ეს იქნება უფრო წარმომადგენლობითი, წარმოდგენილი იქნებიან ის ადამიანები, ვინც გუშინ, ამ დღეების განმავლობაში იბრძოდა ჩვენთან ერთად სიმართლისთვის.  ეს ვერ იქნება ფართომასშტაბიანი, თუმცა თითო წარმომადგენელი იქნება. გუშინ ცაიტნოტში მოგვიწია მოქმედებები, საკმაოდ დაძაბული იყო ვითარება, როცა დაგვიძახეს  მოსალაპარაკებლად და იმ მომენტში ვერ მოხერხდა მაქსიმალური უზრუნველყოფა“, – განაცხადა წიქარიშვილმა.

მისი თქმით, ის დროებით პროტესტის შეჩერებას ეთანხმება, თუმცა აღნიშნავს, რომ პროტესტი ძალაში რჩება.

„მე ვეთანხმები პროტესტის დროებით შეჩერების პროცესს, პროტესტი ძალაში რჩება. თუ შევატყვეთ, რომ თანამშრომლობის ფორმატმა არ გაამართლა, გადავინაცვლებთ ისევ პროტესტის ფორმატში“, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.