შსს-სა და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა დღეს გაიმართება
შსს-სა და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა დღეს გაიმართება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებული ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა დღეს გაიმართება.

შეხვედრა შს სამინისტროში გაიმართება. მას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დაესწრებიან.

სწორედ დღევანდელი აუდიენციის ფარგლებში იმსჯელებენ მხარეები 12 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების საკითხზე.

„პირველ შეხვედრაზე განხილული იქნება 12 მაისის ღამის დარბევის საკითხი. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სერიოზულ გადაცდომებს ჰქონდა ადგილი. მე ვარ ამის ერთ-ერთი მაგალითი. ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესები. მინისტრი ამბობს, რომ მზად არის, გაიზიაროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, – განაცხადა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ბექა წიქარიშვილმა.

ასევე ცნობილია, რომ მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იგეგმება მსჯელობა ნარკოპოლიტიკის შესახებ. აღნიშნული ჯგუფის შეხვედრა სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.