ბექა წიქარიშვილი - არ მქონია განცდა, რომ ვესროლე ფანჯარას, მე ვესროლე უსამართლობის კერას
არ მქონია განცდა, რომ ვესროლე ფანჯარას. მე ვესროლე უსამართლობის კერას, – ამის შესახებ ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა ბექა წიქარიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
ბექა წიქარიშვილის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლო სხდომა 12:30 საათზე განახლდება. სხდომის დაწყებისას ადვოკატმა, საქმის მასალების გასაცნობად, ერთსაათიანი შესვენება ითხოვა.
„ვაღიარებ ფაქტს, მაგრამ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება არ უნდა იყოს. იმედია, სისხლის სამართალზე გამოძიება შეწყდება. ეს პროტესტითა და აღელვებით იყო გამოწვეული. არ მქონია განცდა, რომ ვესროლე ფანჯარას, მე უსამართლობის კერას ვესროლე“, – განაცხადა წიქარიშვილმა.
თორნიკე ბზიავა და ბექა წიქარიშვილი მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა გუშინ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ დააკავეს.
სამართალდამცველების ცნობით, სასამართლოს ეზოში გასვლის შემდეგ, ერთ-ერთი მათგანი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სასამართლოს, ხოლო მეორემ შენობის მიმართულებით აგური ისროლა, რის შედეგადაც ცენტრალური შემოსასვლელის მინა ჩაიმსხვრა.
თორნიკე ბზიავა 500-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ბექა წიქარიშვილი კი დიღმის სამმართველოში წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.