ბექა ბასილაიასა და ზურა ნადირაძის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საქმის წარმოება შეწყდა
31 დეკემბერს, გამთენიისას აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული ბექა ბასილაიასა და ზურა ნადირაძის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა. მოსამართლე ივანე აღნიაშვილმა ისინი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად არ ცნო.
„კლასიკურ აქტივისტებს, პროტესტის გამომხატველ აქტივისტებს გვედავებიან ხოლმე, რომ თითქოსდა, პოლიციას ვაყენებთ შეურაცხყოფას და თითქოსდა, არ ვემორჩილებით მათ კანონიერ მოთხოვნას. დღეს მიღებული გადაწყვეტილება სამწუხარო გამონაკლისია, რომელიც იქნა მიღებული. სამწუხარო გამონაკლისი იმიტომ, რომ არც ერთ სხვა შემთხვევაში, იქნებოდა 20 ივნისი თუ 30 დეკემბრის დაკავებები, არ არსებობდა არანაირი მტკიცებულებები აქციაზე დაკავებული აქტივისტებისთვის პატიმრობის შეფარდებისთვის და რიგ შემთხვევაში, ჯარიმების შეფარდებისთვის. დღევანდელი გამონაკლისი, არ უნდა იყოს გამონაკლისი. ეს უნდა იყოს წესი ასეთ შემთხვევაში. სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით სხვა შეფასებების გაკეთება შეიძლება. არანაირი მტკიცებულება არ იყო, რა ვიდეომასალაც იყო წარმოდგენილი, ის ვიდეო ადასტურებდა, რომ მოქალაქეები და აქტივისტები პროტესტს გამოვხატავდით მშვიდობიანად და კანონის ჩარჩოებში“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
შეგახსენებთ, ბექა ბასილაიასა და ზურა ნადირაძეს გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევას ედავებოდა, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.
ავტორი -
გიორგი იდუკაშვილი