ბექა ბასილაია - ელგუჯა ცომაიამ უმასპინძლა დევნილობაში მყოფ პრეზიდენტს, რაც პატივია და არა - დანაშაული, იგივე ხდება, რაც გამსახურდიას თავზე დაატრიალეს
ბექა ბასილაია - ელგუჯა ცომაიამ უმასპინძლა დევნილობაში მყოფ პრეზიდენტს, რაც პატივია და არა - დანაშაული, იგივე ხდება, რაც გამსახურდიას თავზე დაატრიალეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის კარის გაღება და შეფარება პატივია და არა დანაშაული, – ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ბრალდებული ელგუჯა ცომაიას პროცესზე განაცხადა.

„რა დანაშაული დაფარა ელგუჯა ცომაიამ? ძებნილი რომ შეიფარა, დანაშაული სად არის? რომ ყოფილიყო დავა საზღვრის უკანონო კვეთაზე, კი შეიძლებოდა ამაზე დავა, მაგრამ ეს უფრო მსუბუქი მუხლია და ჩიხში აღმოჩნდნენ – რაკი ძებნილი შეიფარე, ამიტომ ჩაიდინე დანაშაულიო. სასამართლო გადაწყვეტილებების აქტის აღსრულებაზე, თუ ამას შეუშალა ხელი, ეს არ არის 354-ე მუხლი. იმ თავში ვერაფერს ვიპოვით ძებნილი პირის შეფარებაზე. ელგუჯა ცომაია არ არის არც ერთ პარტიასთან აფილირებული. ის პატრიოტი, წესიერი ადამიანია. კარი გაუღო, უმასპინძლა დევნილობაში მყოფ პრეზიდენტს. ვიღაცისთვის ის ძებნილი, ვიღაცისთვის – მესამე პრეზიდენტია. საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის კარის გაღება და შეფარება პატივია და არა დანაშაული“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მან მიხეილ სააკაშვილის საქმე საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საქმეს შეადარა.

„მე არ მეგულება ადამიანი, რომელიც ზვიად გამსახურდიას საქმეს არ იცნობდეს. აი, ზუსტად იგივე ხდება, რაც გამსახურდიას თავზე დაატრიალეს და ამაში მონაწილეობის მიღებას როცა სასამართლოს სთხოვენ, ეს არის სასამართლო სისტემის ინსტრუმენტად გამოყენება. ძებნილი შეიფარა, დანაშაული არ ჩაუდენია. ეს არ არის დანაშაულის შემადგენელი. სამართალწარმოება მორჩენილ საქმეზე, ადამიანის გამასპინძლება, არ არის დანაშაული. მაშინ, ამდენი წელი რატომ არ დაიწყო გამოძიება, როცა მიშა ხან ვის ხვდებოდა, ხან ვის, დელეგაციებს. ელგუჯა ცომაია მშრომელი კაცია, არასოდესაა ნასამართლევი. მეუღლე 10 დღის წინ გარდაეცვალა. იარაღი, რომელიც მის სახლში იყო, იქიდან განასროლიც არ არის, გაფორმებული იარაღია“, – აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებული ელგუჯა ცომაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებული ელგუჯა ცომაიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.