ბენიამინ ნეთანიაჰუ დემონსტრანტებს მოუწოდებს, ძალადობას მოერიდონ 
ბენიამინ ნეთანიაჰუ დემონსტრანტებს მოუწოდებს, ძალადობას მოერიდონ 

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მოუწოდებს დემონსტრანტებს, რომლებიც დღეს აქციების გამართვას იერუსალიმში აპირებენ, მოერიდონ ძალადობას. ისრაელის მედიის ცნობით, ეს არის პირველი განცხადება, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ისრაელში გამართული მრავალრიცხოვანი მიტინგების შემდეგ გააკეთა.

ნეთანიაჰუ მოუწოდებს როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე დემონსტრანტებს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და არ მიმართონ ძალადობას.

როგორც ისრაელის მედია იუწყება, დღეს, საღამოს იერუსალიმში მთავრობის მიერ ინიცირებული სასამართლო რეფორმის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქციებია დაგეგმილი.

თავის განცხადებაში ნეთანიაჰუს არაფერი უთქვამს სადავო სასამართლო რეფორმის შესახებ, რომლის შეჩერებასაც ოპოზიცია ითხოვს.

ისრაელში მოქალაქეები აპროტესტებენ რეფორმას, რომლის გატარების შემთხვევაშიც უზენაესი სასამართლო მთავრობის მიერ მიღებული კანონების მოქმედების შეჩერებას ვეღარ შეძლებს. ამავე ცვლილებებით, მოსამართლეების დანიშვნაში კანონმდებლებს გადამწყვეტი ხმა ექნებათ.