ბელარუსის კულტურის დღეები რუსთაველის თეატრში გალაკონცერტით გაიხსნა
ბელარუსის კულტურის დღეები რუსთაველის თეატრში გალაკონცერტით გაიხსნა

საქართველოში ბელარუსის კულტურის დღეები აღინიშნება. ღონისძიება დღეს რუსთაველის თეატრში საზეიმო გალაკონცერტით გაიხსნა.

კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ ბელარუსის მუსიკისა და ცეკვის ანსამბლები და სოლო შემსრულებლები. მათ შორის, სახელმწიფო აკადემიური ქორეოგრაფიული ანსამბლი Xорошки, სახელმწიფო ანსამბლი Песняры და ბელარუსის ცნობილი არტისტები, ალენა ლანსკი და ვლადიმერ გრომოვი.

ღონისძიების დასაწყისში ორივე ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოსა და ბელარუსის კულტურის მინისტრებმა, მიხეილ გიორგაძემ და იური ბონდარმა.

მიხეილ გიორგაძის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები ორ ქვეყანას შორის არსებული კულტურული ურთიერთობების გაღრმავების საწინდარია.

„ვფიქრობ, ბელარუსის კულტურის დღეების ჩატარება, რომელსაც თან ახლავს მაღალი რანგის დელეგაციის ვიზიტი, სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნების კიდევ უფრო დაახლოებისა და კულტურული დიალოგის ინტენსიურად წარმართვისთვის“, – აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.

იური ბონდარმა მადლობა გადაუხადა საქართველოს კულტურის სამინისტროს და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდება.

„დღევანდელი დღე იმითაა გამორჩეული, რომ ჩვენი კულტურის დღეები საქართველოში სუვერენული ბელარუსის ისტორიაში პირველად ჩატარდა. ეს ყოველივე ქართული კულტურის სამინისტროს, ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში და ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით მოხდა. დიდი მადლობა მათ ამისთვის“, – განაცხადა იური ბონდარმა.

დღესვე ორ ქვეყანას შორის კულტურული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

რუსთაველის თეატრის ფოიეში მოეწყო ბელარუსის რესპუბლიკის ნაციონალური ისტორიული მუზეუმის გამოფენა Беларусь и белорусы.

ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და ასევე, საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით იმართება.