ბაზრობებზე ფიზიკური პირებისთვის სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება 2020 წლის პირველ იანვრამდე გადავადდება
ბაზრობებზე ფიზიკური პირებისთვის სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება 2020 წლის პირველ იანვრამდე გადავადდება

მთავრობამ ბაზრობებთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო რეგულაციები მოამზადა. ბაზრობაზე არასტაციონარული სავაჭრო ადგილის გამოყენებით, ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირებისთვის საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება 2020 წლის პირველ იანვრამდე გადავადდება.

შესაბამისი ცვლილებები – „საგადასახადო კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.

კანონპროექტის მიხედვით, ბაზრობის ორგანიზატორის მიერ სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მიღება და კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება ნებაყოფლობითი ხდება. 


ამასთან, პროექტით, ბაზრობის ორგანიზატორისა და ბაზრობაზე ვაჭრობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირთა ვალდებულებებებთან დაკავშირებული რეგულაციები იცვლება. კერძოდ, ბაზრობის განმარტება ზუსტდება და ბაზრობის სტატუსს ობიექტს საგადასახადო ორგანო მიანიჭებს. 


ცვლილებებით, ბაზრობის ორგანიზატორი ვალდებული იქნება, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია ბაზრობის ტერიტორიაზე, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ. ასევე, ბაზრობის ორგანიზატორმა სავაჭრო ობიექტი ან სავაჭრო ადგილი საკონტროლო-სალარო აპარატით უნდა უზრუნველყოს და იჯარით მხოლოდ იმ პირზე გასცეს, რომელიც რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
მთავრობა განმარტავს, რომ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ბაზრობაზე მოვაჭრეს სპეციალური სტატუსი მიენიჭება და დაბეგვრის განსხვავებული რეჟიმით ისარგებლებს.


„პირი, რომელსაც სტატუსი კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად მიენიჭება, როგორც წესი, გადაიხდის ბრუნვის გადასახადს რეალიზებული საქონლის 3% -ის ოდენობით. პირი, რომელიც გადაიხდის ბრუნვის გადასახადს, ფაქტიურად განთავისუფლდება ბუღალტერიის წარმოების ვალდებულებისაგან და არ ექნება გამოსაქვითი ხარჯების დადასტურების პრობლემა. ამასთან, ბაზრობაზე მოვაჭრე ფიზიკური პირი უფლებამოსილი იქნება, უარი თქვას ბრუნვის 3 პროცენტიანი გადასახადით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენებაზე და ისარგებლოს საშემოსავლო გადასახადის ჩვეულებრივი დაბეგვრის რეჟიმით”, – აღნიშნავს მთავრობა.
პროექტით, ბაზრობის ტერიტორიაზე მეწარმედ რეგისტრაციისა და სალარო აპარატის გარეშე საქმიანობისათვის პასუხისმგებლობა ბაზრობის ორგანიზატორს დაეკისრება.