ბექა ფერაძე - პირველი თებერვლიდან ოპერირების განახლების შემთხვევაში, მოლებს და ბაზრობებს 14 დღეში ერთხელ თანამშრომელთა გეგმური ტესტირება მოუწევთ
ბექა ფერაძე - პირველი თებერვლიდან ოპერირების განახლების შემთხვევაში, მოლებს და ბაზრობებს 14 დღეში ერთხელ თანამშრომელთა გეგმური ტესტირება მოუწევთ

პირველი თებერვლიდან ოპერირების განახლების შემთხვევაში, მოლებს და ბაზრობებს 14 დღეში ერთხელ თანამშრომელთა გეგმური ტესტირება მოუწევთ, – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მოლებისა და ბაზრობების ხელმძღვანელებს ასევე მოუწევთ, თავიანთი ბიზნესი და მასში დასაქმებული პირები დაარეგისტრირონ სპეციალურად შექმნილ პორტალზე, რომელთა მეშვეობით მოხდება მონიტორინგის განხორციელება თანამშრომელთა ტესტირების შესახებ.

ფერაძის განცხადებით, ბიზნესს ექნება ვალდებულება, ორ კვირაში ერთხელ თანამშრომელთა 20-25 პროცენტს ტესტირება ჩაუტაროს.

„მთელი საქართველოს მასშტაბით მსხვილ სავაჭრო მოლებს, ბაზრების და ბაზრობების წარმომადგენლებს შევხდით, გავაცანით ის მოთხოვნები, რომელთა დაცვა მოუწევთ პირველი თებერვლიდან. საუბარია დამატებითი ტესტირების ვალდებულებაზე იმ რეგულაციების მიღმა, რომელიც უკვე არსებობდა პროტოკოლის გათვალისწინებით. პირველი თებერვლიდან ოპერირების განახლების შემთხვევაში, მოლებს და ბაზრობებს მოუწევთ თანამშრომელთა გეგმური ტესტირება 14 დღეში ერთხელ და პროცენტულობა განსაზღვრულია. ეს არის 20 პროცენტი ბაზრობების მიმართ და 25 პროცენტი მოლების მიმართ.

მათ გავაცანით სპეციალური პროგრამა, სადაც შეძლებენ დარეგისტრირებას და შემდგომში უკვე მონიტორნინგის მექანიზმიც იქნება ზოგადად ბიზნესის მხრიდან. ასევე, მონიტორინგს განახორციელებს შრომის ინსპექცია სხვადასხვა უწყების ჩართულობით.

პორტალის საშუალებით, ბიზნესი შეძლებს, ბიუროკრატიული მექანიზმების გარეშე, rs-ის ავტორიზაციის მეშვეობით, მოახდინოს რეგისტრაცია, რაც გამორიცხავს ცდომილებას. პერსონალური მონაცემები კანონმდებლობის შესაბამისად იქნება დახურული და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ იქნება ხელმისაწვდომი აარავტორიზებული პირისთვის. მათ უნდა დაარეგისტრირონ თავიანთი კომპანია, იქ დასაქმებული ადამიანები, რათა შესაძლებელი იყოს ჩვენ პროცენტულობით შევხედოთ, რამდენი ადამიანი გაიტესტა, მაგალითად, დადგენილ ვადაში საერთო რაოდენობის 25 პროცენტი გაიტესტა თუ არა ნამდვილად“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

მისივე თქმით, ეკონომიკის გახსნის ზუსტ თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო 20-21 იანვარს მიიღებს.

„გახსნასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე ოთხშაბათს ან ხუთშაბათს იქნება მიღებული. უკვე დაანონსდება ის ზუსტი თარიღი, რა პერიოდშიც ისინი განაახლებენ სამუშაო პროცესს. ზოგადად, ეკონომიკის გახსნაც საკოორდინაციო საბჭოზე იქნება განხილული, სხვა სექტორების ჩართულობით. ეტაპობრივად მოხდება ეკონომიკის სრული განახლება“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

დატოვე კომენტარი