სამთავრობო გუნდმა ბაზრობების ხელმძღვანელებთან სექტორის უსაფრთხო გახსნისთვის გასატარებელ ღონისძიებებზე შეხვედრა გამართა
სამთავრობო გუნდმა ბაზრობების ხელმძღვანელებთან სექტორის უსაფრთხო გახსნისთვის გასატარებელ ღონისძიებებზე შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, პირველი ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს ბაზრობების ხელმძღვანელებს შეხვდნენ, რომლებიც შეზღუდვების მოხსნის ეტაპობრივი გეგმის შესაბამისად, მუშაობას 15 თებერვლიდან განაახლებენ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს, რომელიც ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა. მთავრობის წევრებმა აღნიშნეს, რომ თუ მსგავსი ტენდენცია უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება, მომდევნო ნაბიჯები შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის მიმართულებით დაგეგმილზე ადრე გადაიდგმება. მათ შორის, საუბარია როგორც სასწავლო პროცესის კლასებში აღდგენაზე, ისე მუნიციპალური ტრანსპორტის ეტაპობრივად ამოქმედებაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე ცვლილება არ ეხება ბაზრობების გახსნის თარიღს, თუმცა ქვეყანაში ინფიცირების დადებითობის მაჩვენებლის ოთხ პროცენტამდე შემცირების შემდეგ, გამორიცხული არ არის, მთავრობამ აღნიშნული თარიღის უფრო ადრე გადმოწევის საკითხზეც იმსჯელოს.

„ყურადღება გამახვილდა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც უსაფრთხო გახსნის მიზნით ღია და დახურული ტიპის ბაზრობების მხრიდან უნდა განხორციელდეს. ვირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით კვლავაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება როგორც ბაზრობების ადმინისტრაციის, ისე დასაქმებულთა მიერ ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრულყოფილად აღსრულების მნიშვნელობას, მათ შორის – პირბადეების ტარებას, სოციალური დისტანციის დაცვას, ტერიტორიის რეგულარულ, პერიოდულ სანიტარიზაციას და ა.შ. გარდა ამისა, ბაზრობების ადმინისტრაციების ვალდებულებაა, უზრუნველყონ ორ კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20 პროცენტის ტესტირება. მათ სახელმწიფო აძლევს საშუალებას, დარეგისტრირდნენ სპეციალურ პორტალზე – www.labour.moh.gov.ge და ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, პირველ მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, თანამშრომლები უფასოდ გატესტონ.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ბიზნესის წარმომადგენლებთან ინტენსიური შეხვედრების მიზანია, ეკონომიკის გახსნა იყოს მდგრადი, გონივრული და რაც მთავარია, დაცული, ვინაიდან ყოველდღიურად ინფიცირების მაღალი მაჩვენებლების არსებობის შემთხვევაში, ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაზე საუბარი ვერ იქნება. ამიტომ, აუცილებელია, როგორც მთავრობის, ისე ბიზნესისა და მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევა და თანმიმდევრული გადაწყვეტილებების მიღება, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის კუთხით მიღწეული შედეგები საფრთხის ქვეშ არ დადგეს და ქვეყანამ გრძელვადიან პერსპექტივაში სწრაფი ეკონომიკური აღდგენის პოტენციალი შეინარჩუნოს“, – აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია გრძელდება, მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება და ბიზნესომბუდსმენის აპარატი, მუდმივად ჩართულია ბიზნესთან უშუალო სამუშაო პროცესში.

დატოვე კომენტარი