შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბაზრებისა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდება
შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბაზრებისა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდება

შრომის დეპარტამენტის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე დღეს შეხვედრას გამართავს ბაზრებისა და მსხვილი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან.

როგორც ბექა ფერაძე აცხადებს, ბიზნესის წარმომადგენლებს უნდა წარედგინოთ ახალი პლატფორმა, რომელზეც ბაზრებისა და მოლების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, დაარეგისტრირონ თავიანთი თანამშრომლები, რომელთა პერიოდული ტესტირებაც უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ორკვირიანი შუალედებით.

კონკრეტულ ობიექტზე ნებართვის მინიჭებაც შრომის ინსპექციის მხრიდან ამავე პროგრამის მეშვეობით მოხდება.

ბექა ფერაძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ყველა იმ ტექნიკურ დეტალზე იქნება მსჯელობა რომლის მეშვეობითაც ბიზნესი პირველი თებერვლიდან ფუნქციონირების განახლებას შეძლებს.

„როგორც მოგეხსენებათ, ეტაპობრივად დაანონსებულია ეკონომიკის გახსნა და ეს დაიწყება პირველი თებერვლიდან. ეს, პირველ ეტაპზე, შეეხება ბაზრებისა და მოლების წარმომადგენლებს. განისაზღვრება ახალი მოთხოვნები ამ სექტორის მიმართ, რათა მაქსიმალური უსაფრთხოება იყოს დაცული და უზრუნველვყოთ, ერთი მხრივ, დასაქმებული ადამიანების და მეორე მხრივ, ვიზიტორების უსაფრთხოება. სავალდებულო ტესტირება დაიწყება პირველი თებერვლიდან. პირველ თებერვლამდე სახელმწიფო უსასყიდლოდ უზრუნველყოფს დარეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების წარმომადგენლების ტესტირებას და ამ მიზნით ჩვენ გავაკეთეთ სპეციალური ელექტრონული პროგრამა, სადაც დაინტერესებული პირები, ამ შემთხვევაში ბაზრისა და მოლის წარმომადგენლები არეგისტრირებენ თავიანთ საქმიანობას და თანამშრომლობს, რომელთა პერიოდული ტესტირება განხორციელება ეტაპობრივად და შესაბამისად, გარკვეული პერიოდულობით. ეს არის ორკვირიანი შუალედები. ბიზნესი საკუთარი ხარჯით დაიწყებს მუდმივ მონიტორინგსა და ტესტირებას. დღეს ვხვდებით ბიზნესს, რათა წარვუდგინოთ ახალი პლატფორმა. ამით საშუალება ექნებათ, მონიტორინგი განახორციელონ მუდმივად. შრომის ინსპექციის მხრიდან ნებართვის მინიჭებაც განხორციელდება ამავე პროგრამის მეშვეობით და ვიმსჯელებთ ყველა იმ ტექნიკურ დეტალზე, რომლის მეშვეობითაც პირველი თებერვლიდან შეძლებს ბიზნესი ფუნქციონირების განახლებას“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.