საქსტატი - 2022 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების შემოსავლებმა 170.7 მილიონი ლარი შეადგინა
საქსტატი - 2022 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების შემოსავლებმა 170.7 მილიონი ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 197 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა 31.5 პროცენტი თბილისშია განთავსებული, ხოლო 19.3 პროცენტი – იმერეთის, 12.7 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის, 11.7 პროცენტი – კახეთის, 8.1 პროცენტი – ქვემო ქართლის, 5.1 პროცენტი – აჭარის, 4.6 პროცენტი – შიდა ქართლის, 2.5 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის, 2.0 პროცენტი – სამცხე-ჯავახეთის, 1.5 პროცენტი – გურიის და 1.0 პროცენტი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში.

საქსტატის ცნობით, ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის წილად მოდის 2022 წელს მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების საერთო რაოდენობის 77.2 პროცენტი, ხოლო ინდივიდუალური მეწარმეების წილად – 19.8 პროცენტი. ბაზრებისა და ბაზრობების დანარჩენ ნაწილს გააჩნია სააქციო საზოგადოების, კოოპერატივის და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. 2022 წელს მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების 95.4 პროცენტი კერძო საკუთრებაშია, ხოლო 4.6 პროცენტი – სახელმწიფო საკუთრებაში.

2022 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრები და ბაზრობები განთავსებულია 2.1 მლნ კვადრატულ მეტრ ფართობზე. ბაზრებსა და ბაზრობებს გააჩნია 67 ვეტსანექსპერტიზის ლაბორატორია, 1296 შემნახველი საკანი (საწყობი) 27.2 ათასი კვ. მეტრი ფართობით და 0.7 ათასი ტონა ტევადობის 361 მაცივარი. 2022 წელს მოქმედი ბაზრობების 35.5 პროცენტი გადახურულია, ანუ ვაჭრობა შენობაში მიმდინარეობს, 35.0 პროცენტი ღია ტიპისაა, ხოლო 29.5 პროცენტი ნახევრადგადახურულია, ანუ ვაჭრობა მიმდინარეობს შენობაშიც და შენობის გარეთაც. 2022 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე პირების მიერ ხორციელდება როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო საქონლით ვაჭრობა. ბაზრებისა და ბაზრობების 30.5 პროცენტში ვაჭრობა მიმდინარეობს მხოლოდ არასასურსათო საქონლით, ერთ ბაზრობაზე – მხოლოდ სასურსათო საქონლით, ორი ბაზრობის ტერიტორიაზე – ავტომობილებითაც, ხოლო ხუთ ბაზარში იყიდება მხოლოდ ფრინველი და პირუტყვი. საქართველოს ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობა ორგანიზებულია კვირის სხვადასხვა დღეს: ყოველდღიური ვაჭრობა მიმდინარეობს 152 ბაზარში, საკვირაო ვაჭრობა – 22 ბაზარში, კვირა დღის გარდა ვაჭრობს სამი ბაზარი, ხოლო დანარჩენი ბაზრებისა და ბაზრობის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ერთდღიანი, ორდღიანი ან სამდღიანი ვაჭრობა კვირის სხვადასხვა დღეს. საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 52.8 ათასი სავაჭრო ადგილია, სადაც მოვაჭრეთა საშუალო დღიური რაოდენობა 38.6 ათას კაცს შეადგენს.

საქსტატის ცნობით, 2022 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ ეკონომიკურ სუბიექტებში, ანუ დირექციებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 2.8 ათას კაცს შეადგენს, რომელთაგან 33.4 პროცენტი ქალია. ამასთან, დასაქმებულთა 47.1 პროცენტი ქალაქ თბილისზე მოდის. გასულ წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების შემოსავლებმა 170.7 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 13.1 მლნ ლარი ვაჭრობის უფლების გაცემიდან მიღებული შემოსავალია, 149.5 მლნ ლარი კი – სავაჭრო ფართის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი, ხოლო 8.1 მლნ ლარი – სხვა შემოსავალი. ამავე პერიოდში ბაზრებისა და ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 99.5 მლნ ლარი შეადგინა, აქედან შრომის ანაზღაურება დასაქმებულ პერსონალზე 30.8 მლნ ლარია.