ბათუმში ხანძრის დროს დაშავებული ორი მეხანძრე საავადმყოფოდან გაწერეს
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაშავებული ორი მეხანძრე-მაშველი საავადმყოფოდან გაწერეს, ხოლო ერთი კვლავ კლინიკაში რჩება, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ მამუკა თურმანიძემ განაცხადა.
კითხვას, იყო თუ არა სასტუმროში სახანძრო კიბე, მამუკა თურმანიძე არ პასუხობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ამბობს, რომ მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია.
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.
შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე გაჩნდა.
ბათუმში მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.