ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გათავისუფლება ბულვარის სანაპიროს გასხვისებაზე მის კრიტიკულ განცხადებას უკავშირდება
ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ოფიციალურად ამის მიზეზად აუდიტის დასკვნა დასახელდა, თუმცა თავად ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ბულვარის სანაპიროს გასხვისებასთან დაკავშირებით მის კრიტიკულ გამოვლას უკავშირდება.
„ეს უკავშირდება ჩემს გამოსვლას, თორნიკე რიჟვაძეს შეეძლო თანამდებობის შესაბამისად მოქცეულიყო და ეთქვა, რომ ეს კაცი არ გვემორჩილება, აქვს განსხვავებული აზრი და ამიტომ ვათავისუფლებო. ყვებიან ზღაპრებს, აუდიტის დასკვნა 2019 წელს შიდა აუდიტის დასკვნაზე დაყრდნობით დაიწერა, ის შეისწავლა ანტიკორუფციულმაც და პროკურატურამაც, იქ საუბარია ტექნიკურ ხარვეზებზე“, – განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ.
ჯინჭარაძის ინფორმაციით, აუდიტის დასკვნაში საუბარია ბათუმის ბულვარში ფილების შეცვლის საკითხზე და 100 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოებთან დაკავშირებით თანხის გადარიცხვის ტექნიკურ დეტალებზე.