აჭარის ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ბათუმის ბულვარის დირექტორი თანამდებობიდან სახელმწიფო აუდიტის დასკვნის საფუძველზე გათავისუფლდა
აჭარის ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ბათუმის ბულვარის დირექტორი თანამდებობიდან სახელმწიფო აუდიტის დასკვნის საფუძველზე გათავისუფლდა

ბათუმის ბულვარის დირექტორის გათავისუფლება სახელმწიფო აუდიტის დასკვნის საფუძველზე მოხდა, სადაც ირკვევა, რომ ბიუჯეტის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა მიმდინარეობდა, – ამის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე აცხადებს.

როგორც ჯაბა ფუტკარაძემ აღნიშნა, ბულვარის დირექტორმა, ირაკლი ჯინჭარაძემ იცოდა აუდიტის დასკვნის შესახებ და განცხადება საზოგადოებაში იმუნიტეტის მოპოვების მიზნით გააკეთა.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება ბულვარის დირექტორის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს. მან ეს განცხადებები გააკეთა საზოგადოებაში გარკვეული იმუნიტეტის შექმნის მიზნით. აუდიტის დასკვნის საფუძველზე აღძრულია საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. ეს დასკვნა ეხება 2019 წლის საქმიანობას. პროცედურულად აუდიტი წინა წლის საქმიანობას მომდევნო წელს შეისწავლის. ჩვენ ეს დასკვნა მივიღეთ 2020 წლის ბოლოს. შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით საქმის ძიება დაიწყო მიმდინარე წელს. საზოგადოებამ განსაზღვროს საკრებულოში გაკეთებული განცხადებები დროში დაემთხვა, თუ ჰქონდა კონკრეტული მიზეზი“, – განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.

ამასთან, ბათუმის ბულვარის ყოფილმა დირექტორმა, ირაკლი ჯინჭარაძემ აღნიშნა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლება ბულვარის სანაპიროს გასხვისებაზე მის კრიტიკულ განცხადებას უკავშირდება.