ბათუმის ბულვარში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო
ბათუმის ბულვარში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო

ბათუმის ბულვარში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო. სადღესასწაულო ცერემონიალს პანდემიის გამო დღეს მოკრძალებული ფორმა ჰქონდა. ნაძვის ხე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა რევაზ ლაღიძის სახელობის გოგონათა გუნდის მუსიკალური გაფორმების თანხლებით აანთო.

,,წელს ჩვენ უჩვეულო ამპლუაში გვიხდება ბათუმის მთავარი ნაძვის ხის ანთება. მოგეხსენებათ, გასულ წლებში ამ დღეს ასობით ადამიანი იყო აქ შეკრებილი. იყო ზეიმი, სადღესასწაული განწყობა, ბავშვების ჟრიამული, რომელიც დღეს ძალიან დაგვაკლდა. პანდეემიდან გამომდინარე, წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მასშტაბური ღონისძიებები არ ჩაგვეტარებინა. ალბათ, ყველამ იცით, რომ ბათუმში, უკვე წლებია, ყოველ 25 დეკემბერს, ნაძვის ხის ანთების დროს, ჩვენ ბინებს გადავცემთ იმ მრავალშვილიან ოჯახებს, ვისაც შვიდი და მეტი შვილი ჰყავთ. ამ ტრადიციას არც წელს ვღალატობთ და დღეს ოთხ ოჯახს გარემონტებულ ბინებს გადავცემთ. ამ ოჯახებსა და სრულიად საქართველოს, მინდა, ვუსურვო მშვიდობა, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და მჯერა, რომ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ პანდემიასთან ბრძოლაში“, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

უკვე მეორე წელია, ბათუმის მთავარი ნაძვის ხე ქალაქის ბულვარში იდგმება. წელს ზუსტად იგივე ნაძვის ხე დაიდგა, როგორიც შარშან იყო.