ბათუმის ბულვარში, სანაპიროზე, ბულვარის დაცვის სამსახურმა ზღვიდან 21 წლის გოგონა გამოიყვანა. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ცნობით, სავარაუდოდ, ის თვითმკვლელობას აპირებდა.
„ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია მადლობას უხდის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს დანაყოფების სსიპ „ბათუმის ბულვარის“ დაცვის განყოფილებას, დღეს, 12:00 სთ-ზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც სამმართველოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სანაპიროზე კერძოდ, კი „პიერ ბათუმის“ ტერიტორიაზე უბედური შემთხვევისგან იხსნეს 1996 წელს დაბადებული ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც ზღვაში შევიდა. (სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა სუიციდის მცდელობას) დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა დროულად მოახდინეს ფაქტზე რეაგირება, ზღვაში შეცურეს და მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს. 21 წლის ქალბატონს პირველადი სამედიცინო დახმარება ზღვის სანაპიროზე გაეწია, შემდგომ კი გადაყვანილ იქნა ბათუმის ჰოსპიტალურ საავადმყოფოში. ამ დროისათვის, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ადმინისტრაცია განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს დაცვის პოლიციის თანამშრომლების, კერძოდ: ინსპექტორ ნიკო ანანიძისა და უმცროსი ინსპექტორის გიორგი მახარაძის გამოჩენილი მამაცობის, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის განსაკუთრებით სანიმუშო შესრულებისათვის და წარმატებებს ვუსურვებთ მათ პროფესიულ საქმიანობაში“, – აღნიშნულია ბათუმის ბულვარის ინფორმაციაში.