„ბასკონიას“ მორიგი გამარჯვება „ლიგა ენდეზაში“ - შენგელიამ 14 ქულა გააკეთა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ბასკურმა კლუბმა 25-ე ტურის შეხვედრაში, სტუმრად „გიპუზკოა“ დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლები ათი ქულის სხვაობით იგებდნენ. გადამწყვეტი მატჩის მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც ვიტორიულმა გუნდმა 32-17 მოიგო.
შენგელია სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში. კაპიტანმა 23 წუთში: 14 ქულა, სამი მოხსნა, სამი შედეგიანი გადაცემა და ორი დაფარება მიითვალა აქტივში. გამარჯვებულთა შორის მეტ ჯინინგი იყო საუკეთესო 16 ქულით. მარსელინიო უერტასის ანგარიშზე ცხრა ქულა და რვა შედეგიანი გადაცემაა.
საბოლოოდ, „ბასკონიამ“ 84-72 მოიგო. პედრო მარტინესის გუნდი „ლიგა ენდეზაში“ მეორე ადგილზე გადავიდა და მხოლოდ მადრიდის „რეალს“ ჩამორჩება.
მესამე პოზიციაზე ბარსელონაა, რომელსაც „ბასკონიასთან შედარებით, ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და მეორე ადგილოსანთან ორ ქულას აგებს.