ტაიმაუტი | პაატა გურასპაული - ყველანაირად ვეცდებით, რომ იანვრიდან ამოქმედდეს „ბასკონიას“ საკალათბურთო სკოლა #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტთან“ ვერის საკალათბურთო დარბაზებზე ილაპარაკა, რომლებიც ფედერაციას ცოტა ხნის წინ გადაეცა.
„როგორც იქნა, ახდა ჩვენი ოცნება – ვერის ორივე საკალათბურთო დარბაზი 49-წლიანი ხელშეკრულებით გადმოეცა საქართველოს კალათბურთის ფედერაციას და ამისთვის დიდი მადლობა სახელმწიფოს. კალათბურთი დაბრუნდა თავის სახლში და მთელი საკალათბურთო სამყარო გახარებულია ამით“.
გურასპაულმა „ბასკონიასთან“ დადებულ ხელშეკრულებაზე ისაუბრა.
„2015 წელს იყო დადებული ხელშეკრულება „ბასკონიასთან“. „ბასკონია“ არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ მთელ ევროპაში ერთ-ერთი სახელოვანი კლუბია, ევროლიგის მუდმივი ბინადარი და ესპანეთის შარშანდელი ჩემპიონი. რაც მთავარია, მისი სკოლა ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში, როგორც ორგანიზაციული თვალსაზრისით, ისე სელექციის მიხედვით და იმ პირობებით, რაც შექმნილი აქვთ. 2020 წელს პირველი ხელშეკრულება ამოიწურა და შერჩევის პროცესში 1000-მდე ბავშვმა გაიარა შემოწმება ესპანელი სპეციალისტების თვალწინ, 25 ქართველმა კი „ბასკონიას“ სამწვრთნელო პროცესი. ამ ხელშეკრულების შემდეგ „ბასკონიას“ მხარეს დარჩა ფინანსური ვალდებულებები და სწორედ ამ ვალდებულებებიდან გამომდინარე, ჩვენ დავდეთ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც უკვე წლევანდელი წლიდან გარკვეული რაოდენობის ბავშვები (მაქსიმუმი არის ექვსი) გააგრძელებენ წვრთნას და სასწავლო პროცესს“.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, „ბასკონიას“ საკალათბურთო სკოლა იანვრიდან ამოქმედდება.
„ვერის საკალათბურთო დარბაზის გადმოცემის დროს, ერთ-ერთი მთავარი ის იყო, რომ აქ უნდა გახსნილიყო „ბასკონიის“ საბავშვო სკოლა და სწორედ ამას ეყრება ახლა საფუძველი. უბრალოდ, გამომდინარე იმ სავალალო მდგომარეობიდან, რა მდგომარეობაშიც არის ეს დარბაზი, ვერანაირად ვერ ესწრება სექტემბრამდე ამ ყველაფრის გაკეთება. შესაბამისად, ყველანაირად ვეცდებით, იანვრიდან ამოქმედდეს „ბასკონიის“ საკალათბურთო სკოლა. 3-4 ესპანელი სპეციალისტი მთელი წლის განმავლობაში იქნება საქართველოში, რომლებიც უხელმძღვანელებენ ამ სკოლას და ეს ყველაფერი მოხდება ქართველი ახალგაზრდა მწვრთნელების თანხლებით“.