ტაიმაუტი | პაატა გურასპაული - მთავარია, მოთამაშეებმა 20-წლამდელთა ევროჩელენჯერზე მიიღონ ის გამოცდილება, რაც მომავალში გამოადგებათ #1TVSPORT
ტაიმაუტი | პაატა გურასპაული - მთავარია, მოთამაშეებმა 20-წლამდელთა ევროჩელენჯერზე მიიღონ ის გამოცდილება, რაც მომავალში გამოადგებათ #1TVSPORT

დღეს, 19 ივლისს პირველი არხის გადაცემას „ტაიმაუტი“ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული სტუმრობდა, რომელმაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. მან პირველ რიგში ყურადრება გაამახვილა 20-წლამდელთა ევროჩელენჯერზე, რომელიც 20 ივლისიდან 25 ივლისამდე სპორტის სასახლეში გაიმართება.

„საკალათბურთო სამყაროს საკმაოდ დატვირთული ზაფხული გვაქვს. პანდემიის გამო შარშან ვერ ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, რომელიც წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ფიბა-მ COVID-19-ის გამო გადაწყვიტა, რომ ევროპის ჩემპიონატები წელს არცერთ ასაკში არ გაიმართებოდა, თუმცა, აქვე მოგვცა რეკომენდაციები ქვეყნებს, რომ ჩაგვეტარებინა ე.წ. ჩელენჯები, რომლებსაც არ აქვთ ევროპის ჩემპიონატის დატვირთვა და ამის დანიშნულება ის არის, რომ ის ბავშვები, რომლებმაც ვერ ითამაშეს შარშანდელ სეზონში, წელს რაღაცა ფორმით მაინც მოხვედრილიყვნენ მოედანზე. ასაკობრივ ნაკრებებში არსებობს A და B ლიგა, ეს ზღვარი წაიშალა და სწორედ ამიტომ ჩვენ თხოვნით მივმართეთ ფიბა-ს, რომ ეშუამდგომლა ჩვენთვის ქვეყნებთან, რომლებიც ტოპ-ნაკრებებად ითვლებიან – საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, პოლონეთი და ბულგარეთი. რა თქმა უნდა, ჩვენც გვქონდა კომუნიკაციები ამ ქვეყნებთან და საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის რომ ასეთი ძლიერი შემადგენლობა ჩამოვა, ყველა გუნდი იქნება სრულად დაკომპლექტებული იმ მოთამაშეებით ვისი იმედიც აქვთ.“

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაზეც ილაპარაკა, რომელიც ტურნირს უდიდესი დანაკლისით ხვდება.

„რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ჩვენი გუნდი დიდი დანაკლისით ხვდება ამ ტურნირს – რატი ანდრონიკაშვილი რეაბილიტაციის პროცესშია და სექტემბრიდან შეუდგება სრულფასოვან ვარჯიშს, ლუკა ფეიქრიშვილმა, რომელიც თბილისში იმყოფება, ტრავმა მიიღო და ვერ დაეხმარება ნაკრებს, მერკვილაძე და საბა გიგიბერია, რომლებიც არიან აშშ-ში, მზად იყვნენ ჩამოსასვლელად, იმ შემთხვევაში თუ ევროპის ჩემპიონატი ჩატარდებოდა, მაგრამ გავითვალისწინეთ ის რომ თავიანთ გუნდებში ემზადებიან და არ გამოვიძახეთ. შეიძლება ეს შედეგის თვალსაზრისით არ წაადგეს ჩვენს გუნდს, რადგან ხუთეულის ოთხი მოთამაშე არ გვეყოლება, მაგრამ ჩვენთვის შედეგი არ არის მთავარი, ჩვენთვის შედეგი არის ხვალინდელი დღე და იმ ბავშვების მომზადება, რომლებმაც უკვე დააკომპლექტეს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები. შესაბამისად შედეგი მეორეხარისხოვანია, მთავარია მოთამაშეებმა მიიღონ ის გამოცდილება, რაც მომავალში გამოადგებათ.“

პაატა გურასპაულა აღნიშნა, რომ ორგანიზაციის კუთხით, ეს ტურნირი ევროპასკეტის ერთგვარი რეპეტიციაა.

„ეს ევრობასკეტის ერთ-ერთი რეპეტიციაა, თუმცა ფიბა-მ დაგვიდასტურა, რომ თუ მომავალ წელს პანდემია არ შეგვიშლის ხელს, ჩატარდება 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი სრული სახით და მომავალ წელსაც საქართველოს ექნება შესაძლებლობა, რომ უმასპინძლოს ამ ტურნირს, რომელიც ევრობასკეტის გენერალური რეპეტიცია იქნება.“

გურასპაულის განცხადებით, გულშემატკივრებს შეზღუდული რაოდენობით შესაძლებლობა ექნება ამ ტურნირს დაესწრონ.

„მაყურებლები მინდა გავახარო და ვუთხრა, რომ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, ყველანაირი რეგულაციების დაცვით, მაყურებელს შეეძლება თამაშებზე მოსვლა და დასწრება.“