„ბასკონიას“ მორიგი გამარჯვება „ლიგა ენდეზაში“ – შენგელიამ 14 ქულა გააკეთა

23:42, 31.03.2018

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ბასკურმა კლუბმა 25-ე ტურის შეხვედრაში, სტუმრად „გიპუზკოა“ დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლები ათი ქულის სხვაობით იგებდნენ. გადამწყვეტი მატჩის მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც ვიტორიულმა გუნდმა 32-17 მოიგო.

შენგელია სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში. კაპიტანმა 23 წუთში: 14 ქულა, სამი მოხსნა, სამი შედეგიანი გადაცემა და ორი დაფარება მიითვალა აქტივში. გამარჯვებულთა შორის მეტ ჯინინგი იყო საუკეთესო 16 ქულით. მარსელინიო უერტასის ანგარიშზე ცხრა ქულა და რვა შედეგიანი გადაცემაა.

საბოლოოდ, „ბასკონიამ“ 84-72 მოიგო. პედრო მარტინესის გუნდი „ლიგა ენდეზაში“ მეორე ადგილზე გადავიდა და მხოლოდ მადრიდის „რეალს“ ჩამორჩება.

მესამე პოზიციაზე ბარსელონაა, რომელსაც „ბასკონიასთან შედარებით, ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და მეორე ადგილოსანთან ორ ქულას აგებს.

მსგავსი