„ბასიანის“ ინციდენტში ბრალდებულის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებას ხელს არ შეუშლის
„ბასიანის“ ინციდენტში ბრალდებულის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებას ხელს არ შეუშლის

კლუბ „ბასიანის“ ინციდენტში ბრალდებული თამაზ ქვლივიძის ადვოკატი, ზაზა მესხი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ამის შესახებ ზაზა მესხმა სააპელაციო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

„ეს იყო სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება. მოსამართლემ დაასაბუთა, რატომ არ იყენებს პატიმრობას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ არის წარსულში ნასამართლევი, ხელს არ შეუშლის გამოძიებას. ამიტომ მიიღო პირველმა ინსტანციამ გირაოს შეფარდებაზე გადაწყვეტილება. გამოძიებით დადგინდება, თუ რა დანაშაული ჩაიდინა მან”, – განუცხადა ჟურნალისტებს ზაზა მესხმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლო „ბასიანის“ ინციდენტში ბრალდებულის საქმეზე პროკურატურის საჩივარს დღეს განიხილავს.

ბრალდებულ თამაზ ქვლივიძისთვის ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა, რაც პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

13 იანვარს, ღამის კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტის დროს პოლიციის ერთი თანამშრომელი და კლუბის დაცვის ორი წევრი დაჭრეს.