ე.წ ფოტოგრაფების საქმეზე, სააპელაციო სასამართლოში ნათია და ირაკლი გედენიძეები დაიკითხებიან
ე.წ ფოტოგრაფების საქმეზე, სააპელაციო სასამართლოში ნათია და ირაკლი გედენიძეები დაიკითხებიან

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ ფოტოგრაფების საქმეზე, 2011 წელს დაკავებულ და შემდეგ გათავისუფლებულ ფოტორეპორტიორებს, ნათია და ირაკლი გედენიძეებს დღეს ხელახლა დაკითხავენ. სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორც ცნობილია, სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული საქმის განმხილველი მოსამართლეების შემადგენლობა შეიცვალა, შესაბამისად, პროცესი განმეორებით დაიწყო. სწორედ ამ მიზეზით დაიკითხებიან ფოტოგრაფები ხელახლა.

სააპელაციო სასამართლო 2011 წლის საქალაქო სასამართლოს განაჩენს განიხილავს, რომლის მიხედვით, ფოტორეპორტიორები ირაკლი და ნათია გედენიძეები, ზურაბ ქურციკიძე და გია აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით, დამნაშავედ სცნეს.

მთავარი პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში ფოტოგრაფების მიმართ 7 წლის წინ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლას ითხოვს. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები და დადასტურდა, რომ 2011 წელს ფოტორეპორტიორები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძიე, ირაკლი და ნათია გედენიძეები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს. ამასთან, ფოტოგრაფების მიმართ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის აქტიური გაშუქების გამო, ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორებას ჰქონდა ადგილი. პროკურატურამ აღნიშნული საქმე 2016 წლის ივნისში გახსნა. სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე კონტრდაზვერვის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილია მსჯავრდებული. ასევე, დაუსწრებლად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა  გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს.