ბადრი ჯაფარიძე - მე, როგორც ბადრი ჯაფარიძეს, არ გამომაქვს სასამართლოდან ჩემი სარჩელი, გავაგრძელებ ჩვენი სიმართლის მტკიცებას
ბადრი ჯაფარიძე - მე, როგორც ბადრი ჯაფარიძეს, არ გამომაქვს სასამართლოდან ჩემი სარჩელი, გავაგრძელებ ჩვენი სიმართლის მტკიცებას

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მსგავსად, „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძეც განაგრძობს შექმნილ ვითარებასთან დაკაშირებით სასამართლო დავას, როგორც კერძო პირი.

ჯაფარიძემ დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სასამართლოდან სარჩელი არ გამოაქვს და სიმართლის მტკიცებას გააგრძელებს, ასევე, მონაწილეობას მიიღებს პარლამენტის მიერ 26 თებერვალს დანიშნულ განხილვებში.

ბადრი ჯაფარიძის განცხადება „თიბისი ბანკმა“ გაავრცელა.

„მინდა განვაცხადო, რომ თავიდანვე არასამართლიანად და დაუსაბუთებლად მიმაჩნდა ეროვნული ბანკის მიერ 2007- 2008 წლის ტრანზაქციების 11 წლის შემდეგ წამოწევა და მათთვის ინტერესთა კონფლიქტის დარღვევის და დაკავშირებული მხარის კვალიფიკაციის მიცემა. ასევე, სრულიად მიუღებელია ჩემთვის იგივე ტრანზაქციებზე ფულის გათეთრების მუხლით საქმის აღძვრა, იმ დროს, როცა მსგავსი ეჭვის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მიმაჩნია, რომ ის, რაც გრძელდება ბოლო 6 თვის განმავლობაში არის უაღრესად დამაზიანებელი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და მთლიანად საბანკო სექტორის მიმართ.

„თიბისი ბანკი“ არის ბრწყინვალე მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ნულიდან შექმნილი ქართული კომპანია გახადო მსოფლიოს წამყვანი საფონდო ბირჟის პრემიარული სეგმენტის და ინდექსის ნაწილი. ეს არ არის მხოლოდ ბანკის დამფუძნებლების, თანამშრომლების, არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვება. მე ძალიან მეამაყება მამუკასთან ერთად ყველა ბიზნეს წამოწყებაში მონაწილეობის მიღება.

მიმაჩნია, რომ ბანკის გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკთან ერთობლივი განცხადების გაკეთების შესახებ იყო აუცილებელი ნაბიჯი იმისთვის, რომ უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორთა უზარმაზარი ჯგუფისთვის, ბანკის 2 მილიონ მომხმარებელზე მეტისთვის  და ჩვენი ერთგული პარტნიორებისთვის გვეთქვა, რომ ბანკსა და მის რეგულატორს შორის კონფრონტაცია შეწყდა და ამით ბანკი უბრუნდება თავის ჩვეულ ტემპს და გააგრძელებს განვითარების ამბიციური გეგმების განხორციელებას.

ამასთან, მე, როგორც ბადრი ჯაფარიძეს, არ გამომაქვს სასამართლოდან ჩემი სარჩელი, გავაგრძელებ ჩვენი სიმართლის მტკიცებას და მივიღებ მონაწილეობას პარლამენტის მიერ დანიშნულ განხილვებში 26 თებერვალს.

რაც შეეხება ჩემს მომავალს ბანკში – მე პატივს ვცემ ბანკის გადაწყვეტილებას და მის შესაბამისად ვიმოქმედებ. მიუხედავად დაგეგმილი რესტრუქტურიზაციისა, „თიბისის“ გუნდი რჩება უაღრესად კვალიფიციური და პატრიოტი ადამიანების ურყევ ერთობად. შეუცვლელ ფაქტად რჩება ის, რომ „თიბისი“ დაფუძნებულია მამუკა ხაზარაძის, ჩემი და ჩვენი სხვა პარტნიორების მიერ. ჩვენს შექმნილ წარმატებას არაფერი ემუქრება და „თიბისი“ განაგრძობს მისი ფასეულობებისა და გრძელვადიანი გეგმების მიხედვით წარმატებულ სვლას“,  – ნათქვამია განცხადებაში.

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკს“ ტოვებს.  როგორც ხაზარაძემ თავის განცხადებაში აღნიშნა, ლონდონში „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭომ ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამავე გაცხადებაში, ის ამბობს, რომ როგორც კერძო პირი, დამოუკიდებლად განაგრძობს თავისი უფლებების სამართლებრივ დაცვას სასამართლო წესით საქართველოსა და უცხოეთში.

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკისა და „თიბისი ბანკის“ დღეს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან მიდიან, თუმცა რჩებიან ბანკის მფლობელ „თიბისი ბანკის ჯგუფის“ (TBC Bank Group PLC) დირექტორთა საბჭოში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 14 თებერვალს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი ემმა“, „თიბისი ბანკისგან“, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც „თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, „თიბისი ბანკმა“, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას. გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი ემის“ ვალი.