მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სამეთვალყურეო საბჭოს ტოვებენ, თუმცა „თიბისი ბანკის ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოში რჩებიან
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სამეთვალყურეო საბჭოს ტოვებენ, თუმცა „თიბისი ბანკის ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოში რჩებიან

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან მიდიან, თუმცა რჩებიან ბანკის მფლობელ „თიბისი ბანკის ჯგუფის“ (TBC Bank Group PLC) დირექტორთა საბჭოში. ამის შესახებ საუბარია საქართველოს ეროვნული ბანკისა და „თიბისი ბანკის“ ერთობლივ განცხადებაში.

„გამომდინარე იქიდან, რომ „თიბისი ბანკი“ ითვალისწინებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის შესაძლო ზიანს და პატივს სცემს ეროვნული ბანკის, როგორც კვალიფიციური რეგულატორის როლს და მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილებები გასაჩივრებული იქნა სასამართლოში, თიბისი ბანკი აცხადებს, რომ განახორციელებს სააქციო საზოგადოება „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს რესტრუქტურიზაციას იმდაგვარად, რომ ბანკის დამფუძნებელი აქციონერები არ იქნებიან წარმოდგენილი ს/ს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში. ისინი ინარჩუნებენ TBC Bank Group PLC (თიბისი ბანკის 100%-იანი აქციონერი ლონდონში) დირექტორთა საბჭოში, თავმჯდომარის და მოადგილის პოზიციებს.

„თიბისი ბანკი“ წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და გადაიხდის ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს.

ამასთან, „თიბისი ბანკი“, ეროვნულ ბანკთან ერთად, აგრძელებს მუშაობას კორპორაციული მართვის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. „თიბისი ბანკის“ კორპორაციული მართვის თემაზე მესამე პირების მხრიდან კითხვების გამორიცხვის მიზნით, თიბისი PLC ჯგუფი მოახდენს ინტერესთა კონფლიქტის ტრანზაქციების, პროცედურების და მართვის პრაქტიკის შესწავლას საერთაშორისო რეპუტაციული კომპანიის მიერ“, – აღნიშნულია „თიბისი ბანკის“ განცხადებაში.

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკს“ ტოვებს. ასევე, როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ლონდონში „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭომ ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკისა და „თიბისი ბანკის“ დღეს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან მიდიან, თუმცა რჩებიან ბანკის მფლობელ „თიბისი ბანკის ჯგუფის“ (TBC Bank Group PLC) დირექტორთა საბჭოში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 14 თებერვალს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი ემმა“, „თიბისი ბანკი“-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც „თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, „თიბისი ბანკმა“, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას. გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი ემის” ვალი