ბადრი ჯაფარიძე - პენსიის ზრდა იქნება ეტაპობრივი და 1 000 ლარამდე 2028 წელს გაიზრდება
ბადრი ჯაფარიძე - პენსიის ზრდა იქნება ეტაპობრივი და 1 000 ლარამდე 2028 წელს გაიზრდება

„ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემთხვევაში პენსია პირველ ეტაპზე 200 ლარით გაიზრდება, 1 000 ლარს კი 2028 წლამდე გაუტოლდება.

„არანაირი დაკორექტირება არ მომხდარა, ჩვენ ვიმეორებთ იმ დაპირებას, რომელსაც, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ შევასრულებთ. ეს დაპირება მდგომარეობს შემდეგში: პირველივე კოალიციური მმართველობის პერიოდში ჩვენ შევძლებთ, პენსია გავხადოთ 1 000 ლარი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, დაუყოვნებლივ გავზარდოთ პენსია ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, გამომდინარე იმ რესურსებიდან, რომელიც დღევანდელ ბიუჯეტშია გამოყოფილი. გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ დღეს არის ბევრი ხვრელი, სადაც ხალხის კუთვნილი თანხა იკარგება. ჩვენ ამ ხვრელებს ამოვგმანავთ. პირველ რიგში, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების, კორუფციული ხვრელების ამოგმანვის გზით, შევძლებთ, გამოვათავისუფლოთ მნიშვნელოვანი რაოდენობით თანხა, რომელიც მოხმარდება პენსიის გაზრდას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება პენსიების 1 000 ლარამდე ზრდასთან დაკავშირებით „ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას, ჯაფარიძის განმარტებით, კუპრაძე 2024-2028 წელს გულისხმობდა.

„ირაკლი კუპრაძის განზრახვა იყო ეთქვა, რომ დაუყოვნებლივ დაიწყება პენსიების ზრდა და ის დასრულდება 1 000 ლარით, 2024-2028 წლის პერიოდში. ეს იქნება ეტაპობრივი, თავიდანვე ვიწყებთ 200 ლარით გაზრდას, შემდეგ ეს იქნება ეტაპობრივი ზრდა და დაგვირგვინდება 1 000-ლარიანი პენსიით. მე ისიც მოგახსენეთ, რომ მესამე წლის ბოლოს გვექნება დამატებითი ექვსი მილიარდი ლარი 9%-იანი ზრდის პირობებში და ჩვენ არ გვაკმაყოფილებს 9%-იანი ზრდა. შესაბამისად, შესაძლებელია, ეკონომიკის ორნიშნა ზრდა და პლუს, არსებულ ბიუჯეტში გამოთავისუფლებული ასობით მილიონი ლარი. აქედან გამომდინარე, პირველივე სამ წელში ჩვენ შეგვიძლია, შევქმნათ დამატებითი შემოსავლები, რომლებიც უზრუნველყოფს იმ რაოდენობით თანხას, რომ დავარიგოთ 1 000 ლარი პენსია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.