აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე სროლის შედეგად, ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა და სამი სომეხი ჯარისკაცი დაიჭრა
აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე სროლის შედეგად, ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა და სამი სომეხი ჯარისკაცი დაიჭრა

აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე სროლის შედეგად, ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და სამი სომეხი ჯარისკაცი დაიჭრა. როგორც ბაქოში აცხადებენ, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ მოწყობილი პროვოკაციის შედეგად დაიღუპა რიგითი აიაზ აზერ ნაზაროვი.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტი 11 იანვარს შუადღისას მოხდა.

„აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა მიღებული ზომების შედეგად მოწინააღმდეგის ცეცხლი ჩაახშვეს“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გამოიყენეს არტილერია და უპილოტო საფრენი აპარატები.

ერევანში ამბობენ, რომ აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ძალების პოზიციების მისამართით გახსნილი ცეცხლის შედეგად სამი სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. მათივე თქმით, დაჭრილებისა და დაღუპულების რიცხვი უახლოეს ხანში დაზუსტდება.