აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში მიმდინარე შეტაკებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ
აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში მიმდინარე შეტაკებების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის არმიის ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის განადგურების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აღდერეს, აღდამის და ხოჯავენდის მიმართულებაზე შეტევა სცადეს, თუმცა წარმატება ვერ მიაღწიეს და დიდი დანაკარგებით უკან დაიხიეს. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ სომხეთის შეიარაღებულ დაჯგუფება, „ვომაში“ (გადარჩენის ხელოვნება) „ასალას“, (სომხეთის გათავისუფლების საიდუმლო სომხური არმია) „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების წევრები გაერთიანდნენ.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აღნიშნული დაჯგუფების წევრები მთიან ყარაბაღში უკანონო რეჟიმის მხარდასაჭერად ჩავიდნენ. აზერბაიჯანის ხელისუფლება დაჯგუფებას ტერორისტული თავდასხმების ორგანიზებაში სდებს ბრალს.
აზერბაიჯანის სამხედრო ტექნიკის განადგურების შესახებ იუწყება სომხეთის თავდაცვის სამინისტროც. ერევანში ამბობენ, რომ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის სამხედრო ნაწილებმა და მოხალისეებმა ხეობებსა და ტყეებში აზერბაიჯანის არმიას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის ინტენსიური ბრძოლები მთიანი ყარაბაღის სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებაზე მიმდინარეობს, სადაც მოწინააღმდეგეს დიდი ზარალი აქვს.
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მოხალისეთა სამხედრო ჯგუფმა თურქეთის სპეცდანიშნულების რაზმის დანაყოფი გაანადგურა.