ასტრონომებმა უცნაური სახის, ძლიერი კოსმოსური აფეთქებების სავარაუდო წყაროს მიაგნეს — #1tvმეცნიერება
ასტრონომებმა უცნაური სახის, ძლიერი კოსმოსური აფეთქებების სავარაუდო წყაროს მიაგნეს — #1tvმეცნიერება

ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონში ვარსკვლავის აფეთქების შედეგად გამოტყორცნილი, აჩქარებული მატერია დააფიქსირეს.

ეს მხოლოდ მეორე შემთხვევა გახლავთ, როდესაც ამ სახის მოლეკულური ნაკადები ცხადად ასტრონომებმა იხილეს, მაგრამ შეიძლება დიდი დახმარება გაუწიოს იმის გარკვევაში, როგორ იბადებიან მასიური ვარსკვლავები.

1980-იან წლებში, ასტრონომებმა ვარსკვლავთწარმომქმნელ ორიონის ნისლეულში რაღაც განსაკუთრებული აღმოაჩინეს — კოსმოსში დიდი სიჩქარით გაჭრილი მოლეკულური გაზის ჭავლები. როდესაც მათ კვალს მიჰყვნენ, აღმოჩნდა, რომ ჭავლები სავარაუდოდ ერთი წერტილიდან მოდიოდა.

მას შემდეგ, მოლეკულური გამოდინებები მრავალ სხვა ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონშიც აღმოაჩინეს. მიჩნეულია, რომ ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს დაბალმასიან ვარსკვლავთა წარმოქმნაში, გამოაქვთ ჭარბი იმპულსის მომენტი, რომელიც წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვილ ვარსკვლავებს ბრუნვის საშუალებას არ მისცემდა.

თუმცა, ორიონიდან გამომავალი ნაკადი ყველასგან განსხვავებული იყო. დაბალმასიანი ვარსკვლავებიდან გამომავალი მოლეკულური ნაკადები ბიპოლარულია; ანუ, არსებობს მხოლოდ ორი სახის, საპირისპიროდ მიმართული. ორიონიდან გამომავალი ნაკადი კი გაცილებით მრავალრიცხოვანი იყო… და ამას გარდა, ისინი ფიქსირდებოდა რეგიონში, სადაც გაცილებით მასიური ვარსკვლავები იბადებოდნენ — ჩვენს მზეზე 10-ჯერ მეტი მასის მქონე.

ამჟამად, მასიურ ვარსკვლავთა წარმოქმნის შესახებ იმდენი რამ არ ვიცით, რამდენიც უფრო პატარა ვარსკვლავების შესახებ. მასიურ ვარსკვლავთა ინკუბატორები იშვიათია და ჩვენგან უფრო შორსაა, შესაბამისად, ძნელი დასანახია. ამიტომაც, ასტრონომებმა იფიქრეს, რომ ამის გარკვეული ცნობები შეიძლება ორიონის ნისლეულს მოეცა.

თუმცა, გამოდინების წყაროსთან მასიური ახალგაზრდა ვარსკვლავი ნამდვილად არ იყო. ეს კი შეიძლება მიუთითებდა აფეთქების რამდენიმე სცენარზე, მაგალითად, ორი მასიური ჩვილი ვარსკვლავის შერწყმაზე, ანდაც ახლომდებარე მასიური ვარსკვლავის დაბადების პროცესში გამოთავისუფლებულ გრავიტაციულ ენერგიაზე. რაიმეს გადაჭრით თქმა მხოლოდ ერთი დაკვირვების საფუძველზე ურთულესი იყო.

ამ ფენომენის უკეთ შესასწავლად, მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა ლუის საპატას ხელმძღვანელობით, გადაწყვიტა, რომ ამ დროისათვის ცნობილ მასიური ვარსკვლავური ინკუბატორისკენ კაცობრიობის ერთ-ერთი უმძლავრესი ტელესკოპი — ჩილეში განთავსებული ატაკამის ფართო მილიმეტრულ/სუბმილიმეტრული ტელესკოპი (ALMA) მიემართა.

G5.89−0.39, ასევე ცნობილი, როგორც W28 A2, ჩვენგან 9752 სინათლის წლით არის დაშორებული. შეიცავს კაშკაშა, გაფართოებადი გარსის მსგავს ულტრაკომპაქტურ წყალბადის ღრუბელსა და მძლავრ მოლეკულურ გადინებებს. საპატამ და მისმა ჯგუფმა წარსულში შენიშნა, რომ ამ ფილამენტებიდან ექვსი, პირდაპირ წყალბადის ღრუბლის ცენტრისკენ იყო მიმართული, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდი იყო.

ALMA-მ ეს ვარაუდი მკაფიოდ დაადასტურა. ნახშირორჟანგისა და სილიციუმის მონოქსიდის მილიმეტრული ტალღის სიგრძის გამოსხივებაზე დაყრდნობით დააფიქსირა მკვრივი ჭავლები.

ამის შემდეგ, ასტრონომებმა გამოავლინეს 34 ასეთი ჭავლი, რომლებიც რადიალურად მოემართებოდა ღრუბლის ბირთვიდან და გარე მიმართულებით ჩქარდებოდა. მათი სიჩქარე წამში 130 კილომეტრს აღწევდა და დაახლოებით 1000 წლის ასაკის იყვნენ; ანუ წარმოქმნილი იყო ათასი წლის წინ მომხდარი რაღაც აფეთქების შედეგად.

ისინი სულაც არ არის ისეთი ძლიერი, როგორსაც სუპერნოვას აფეთქებისას შეიძლება ველოდეთ, ანუ მასიური ვარსკვლავის სიკვდილისას. გარდა ამისა, როგორც ორიონის შემთხვევაშიც გვქონდა ნანახი, ცენტრში ვარსკვლავი არ იყო — გახლდათ მხოლოდ იონიზებული გაზის რეგიონი, რომელიც შესაძლოა, ფეთქებადი მოვლენის დროს იყო გაცხელებული.

თუ ამ გამომავალი ნაკადების წარმომქმნელი მოვლენა ვარსკვლავთან ან ვარსკვლავებთან იყო დაკავშირებული, ის ამ რეგიონიდან უნდა ყოფილიყო ამოტყორცნილი.

ვინაიდან მასიური ვარსკვლავები ყოველთვის გროვებში წარმოიქმნება, ასეთი ურთიერთქმედებების შესაძლებლობა საკმაოდ ხშირია, რაც თავის მხრივ, გარკვეულ სინათლეს ჰფენს მასიურ ვარსკვლავთა ფორმაციას. ორი პროტოვარსკვლავის შერწყმის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მათ ერთი უფრო დიდი ვარსკვლავი უნდა წარმოქმნან.

ორიონის ნაკადებზე, G5.89 ნაკადებსა და ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონ DR-21-ში დაფიქსირებულ მარგინალურ ნაკადებზე დაყრდნობით, ჯგუფი ვარაუდობს, რომ ასეთი მოვლენები ყოველ 130 წელიწადში ხდება. ეს კი ძალიან ახლოს არის სუპერნოვათა აფეთქების მაჩვენებელთან.

ამ მოვლენათა არაპროგნოზულობისა და გამომავალი ნაკადების ფაზის ხანმოკლეობის გამო, მათი მოძებნა საკმაოდ რთულია; მაგრამ ახლა, როცა უკვე ვიცით, რა ვეძებოთ და როგორ, ასტრონომებმა შეიძლება მოახერხონ ამ სახის მოვლენათა კატალოგის შექმნა. ეს კი იმის გაგებაში დაგვეხმარება, როგორ ხდება ისინი.

„თუ მომავალში საკმარისი ოდენობის ასეთი ნაკადები დავაფიქსირეთ, გამოდის, რომ ვარსკვლავთგროვათა შერწყმა მასიურ ვარსკვლავთა წარმოქმნის მნიშვნელოვანი მექანიზმი უნდა იყოს“, — ამბობს კვლევის ავტორი, მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის ასტრონომი ლუის საპატა.

კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია phys.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.