დარემის უნივერსიტეტისა და ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრის მკვლევართა ჯგუფმა იპოვა მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, ირმის ნახტომის გარშემო მოძრავი უმკრთალესი თანამგზავრი გალაქტიკები სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ძველი, პირველად წარმოქმნილი გალაქტიკებია.
მეცნიერებმა ამ აღმოჩენას „დიდად ამაღელვებელი“ უწოდეს და მნიშვნელობის უკეთ გაგებისთვის, ის დედამიწაზე პირველი ადამიანების ძვლების აღმოჩენას შეადარეს.
მკვლევართა ჯგუფის აღმოჩენის მიხედვით, ისეთი გალაქტიკები, როგორებიცაა Segue-1, მენახირის I, ტუკანის II და დიდი დათვის I მიეკუთვნება სამყაროს ერთ-ერთ უძველეს გალაქტიკებს, რომლებიც 13 მილიარდზე მეტი წლის წინ ჩამოყალიბდნენ.
როცა სამყარო დაახლოებით 380 000 წლის იყო, წარმოიქმნა პირველი ატომები. ეს გახლდათ წყალბადის — პერიოდულობის ცხრილის ყველაზე მარტივი ელემენტის ატომები. ეს ატომები თანდათან ღრუბლებად შეგროვდნენ, შემდეგ კი დაიწყეს გაციება და ბნელი მატერიის პატარა ჯგუფებად ანu „ჰალოებად“ შეჯგუფება.
გაციების ამ ფაზას „კოსმოსურ ბნელ წლებს“ უწოდებენ და გრძელდებოდა დაახლოებით 100 მილიონ წელიწადს. თანდათანობით, ჰალოებში გაციებული გაზი არასტაბილური გახდა და ვარსკვლავების წარმოქმნა დაიწყო — ეს ობიექტები სამყაროში ჩამოყალიბებული პირველი გალაქტიკებია.
ამ გალაქტიკების წარმოქმნასთან ერთად, სამყაროში სინათლემ დაიწყო კაშკაში და კოსმოსური ბნელი წლების ხანაც დასრულდა.
ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზის ცენტრის მკვლევარმა სოუნაკ ბოუსმა და დარემის უნივერსიტეტის პროფესორებმა, ელაის დისონმა და კარლოს ფრენკმა ირმის ნახტომის თანამგზავრ გალაქტიკებში ორი სხვადასხვა პოპულაცია გამოყვეს.
პირველი გახლავთ ძალიან მკრთალი პოპულაცია, რომელიც „კოსმოსურ ბნელ წლებში“ წარმოქმნილ გალაქტიკებს მოიცავს. მეორე კი ოდნავ უფრო კაშკაშა პოპულაციაა, რომელიც შედგება რამდენიმე ასეული მილიონი წლის შემდეგ ჩამოყალიბებული გალაქტიკებისგან. ეს უკანასკნელნი მას შემდეგ წარმოიქმნენ, რაც პირველი ვარსკვლავების ძლიერი ულტრაიისფერი სინათლის მიერ იონიზებული წყალბადი უფრო მასიურ ბნელი მატერიის ჰალოების სახით გაცივდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჯგუფის მიერ წარსულში შემუშავებული გალაქტიკათა ფორმაციის მოდელი ბრწყინვალედ დაემთხვა მონაცემებს, რის შედეგადაც, მკვლევრებმა თანამგზავრი გალაქტიკების ფორმაციის პერიოდი შეისწავლეს.
პროფესორ კარლოს ფრენკის განცხადებით, აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია და მხარს უჭერს სამყაროს ფორმაციის ამჟამინდელ მოდელს, რომელშიც ბნელი მატერიის შემადგენელი ელემენტარული ნაწილაკები კოსმოსურ ევოლუციას წარმართავენ.
პირველი გალაქტიკების მიერ გამოყოფილმა ძლიერმა ულტრაიისფერმა სინათლემ, იონიზაციის გზით (ამოაცალა ელექტრონები) გაანადგურა დარჩენილი წყალბადის ატომები, რის გამოც რთული გახდა ამ აირის გაციება და ახალი ვარსკვლავების წარმოქმნა.
შედეგად, გალაქტიკათა ფორმაცია შეწყდა და მომდევნო მილიარდი ან მეტი წლის განმავლობაში, ახალი გალაქტიკა აღარ წარმოქმნილა.
თანდათანობით, ბნელი მატერიის ჰალოები იმდენად მასიური გახდა, რომ გაციება უკვე იონიზებულ გაზსაც კი შეეძლო. გალაქტიკების წარმოქმნა გაგრძელდა და დაგვირგვინდა ისეთი საოცრად კაშკაშა გალაქტიკების ჩამოყალიბებით, როგორიც არის ჩვენი ირმის ნახტომი.
კვლევის ერთ-ერთი ავტორის, დოქტორ სოუნაკ ბოუსის განცხადებით, ამ კვლევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ასპექტი ის არის, რომ წარმოაჩენს თავსებადობას თეორეტიკული მოდელების პროგნოზებსა და რეალურ მონაცემებს შორის.
დოქტორ ელაის დისონის თქმით კი, ეს აღმოჩენა თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შევისწავლოთ ადრეულ სამყაროში მიმდინარე მოვლენები ირმის ნახტომის სიახლოვეს არსებულ ჯუჯა გალაქტიკებზე დაკვირვებით.
კვლევა Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია dur.ac.uk-ის მიხედვით.