ასტრონომებმა მზის სისტემის პირველი სტუმარი ობიექტის მშობლიური ვარსკვლავი სავარაუდოდ იპოვეს
18:26, 26.09.2018
2017 წლის ოქტომბერში ასტრონომებმა პირველად შენიშნეს ოუმუამუა — ობიექტი, რომელიც მზის სისტემის გარედან არის მოსული. მას შემდეგ მრავალი კითხვა გაჩნდა, მაგრამ პასუხების გაცემა საკმაოდ გაჭიანურდა. რა არის? საიდან მოვიდა? რატომ არის ასე უცნაური?
მეცნიერთა ჯგუფის განცხადებით, შესაძლოა, მათ უკვე აქვთ პასუხი მეორე კითხვაზე, რადგან გამოავლინეს ოთხი ვარსკვლავი, რომლებთან ოუმუამუა უნდა იყოს დაბადებული.
კვლევა ივნისში შეგროვებულ მონაცემებს ეფუძნება და ვარაუდობს, რომ ოუმუამუა კოსმოსში უმისამართოდ როდი დაეხეტება. როგორც გაირკვა, როცა ეს ობიექტი მზეს მიუახლოვდა, სიჩქარეს ოდნავ მოუმატა, რადგან კომეტის მსგავსად, ის შეიცავდა გარკვეული ოდენობის ყინულს. მზესთან მიახლოებისას, ამ ყინულმა დნობა დაიწყო და გამოიყო წყლის ორთქლი, რამაც ობიექტის მოძრაობა ოდნავ ააჩქარა.
მეცნიერებმა მხედველობაში მიიღეს ის ფაქტი, რომ მზის სისტემაში შემოსვლისას, ოუმუამუას ტრაექტორია ოდნავ შეიცვალა. წარმოშობის ადგილის დასადგენად, მათ მის მიერ გამოვლილი გზა შეისწავლეს.
ამის შემდეგ, მკვლევრებმა ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდ „გაიას“ მონაცემების ანალიზი დაიწყეს, რათა ზუსტად დაედგინათ ვარსკვლავთა ადგილმდებარეობა. მათი მიზანი არა მხოლოდ ოუმუამუას მშობლიური ვარსკვლავური სისტემის გარკვევა იყო, არამედ ასევე სურდათ დაედგინათ, რა გავლენას ახდენდა ახლომდებარე ვარსკვლავები და მათი გრავიტაცია ობიექტის მარშრუტზე.
ყველა ამ მონაცემის შეჯერების შემდეგ, მკვლევართა ჯგუფმა გამოავლინა ოთხი ვარსკვლავი, რომლებთანაც შეიძლება, რომ ოუმუამუა დაიბადა. მათ შორის არიან წითელი ჯუჯა HIP 3757, მზის მსგავსი ვარსკვლავი HD 292249 და კიდევ ორი სხვა ვარსკვლავი, რომლებსაც ასე ადვილად შესაცნობი სახელი არ აქვთ.
ასტრონომები დარწმუნებული არიან, რომ ოუმუამუა (ჰავაურ ენაზე ნიშნავს „მაცნეს“) მოსული უნდა იყოს ისეთი ვარსკვლავური სისტემიდან, რომელშიც სულ მცირე ერთი გაზის გიგანტი პლანეტაა, რომელსაც ეს ობიექტი სისტემიდან უნდა გამოეგდო და კოსმოსში გაეტყორცნა.
ოუმუამუა ჩვენთვის ცნობილი პირველი ობიექტია, რომელიც მზის სისტემაში ვარსკვლავთშორისი სივრციდან შემოიჭრა. პროტოპლანეტური ობიექტი გასული წლის ოქტომბერში აღმოაჩინეს და მას შემდეგ, ის ასტრონონმთა განსაკუთრებული ინტერესის საგანია.
ასობით მილიონი წელია, დაჰქრის კოსმოსში, თანაც ძალიან უცნაური გზით — ბზრიალებს ერთი ბოლოდან მეორისკენ.
ოუმუამუა უკვე მზის სისტემის კიდეებისკენ მიემართება და შემდეგ, მასაც დატოვებს. 2019 წლის იანვარში მიაღწევს სატურნის ორბიტას, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენს სამეზობლოს დატოვებს, კიდევ დიდხანს იბზრიალებს კოსმოსში.