ასტრონომებმა კიდევ ერთი იდუმალი ვარსკვლავი აღმოაჩინეს, რომელიც დროდადრო სრულიად ბნელდება
თქვენ წინაშეა კიდევ ერთი კოსმოსური საიდუმლო. ასტრონომებმა დააფიქსირეს კიდევ ერთი ვარსკვლავი, რომელსაც უცნაური ჩაბნელებები ახასიათებს. ვარსკვლავი, სახელად EPIC 204376071 მდებარეობს ჩვენგან 440 სინათლის წლის მანძილზე. დღის განმავლობაში მისი სინათლე 80 პროცენტით ბნელდება.
სინათლის ასე ძალიან ბლოკირება უბრალოდ დაუჯერებელია. სახელგანთქმული, ე. წ. მეგასტრუქტურის ვარსკვლავი KIC 8462852, იგივე ტაბის ვარსკვლავიც კი მხოლოდ 22 პროცენტით ბნელდება.
EPIC 204376071 უბრალოდ საოცარი ობიექტია. ის უცაბედად ბნელდება და პიკის დროს სინათლე 80 პროცენტით იბლოკება. შემდეგ კი სინათლე ნელ-ნელა ჩვეულ ნიშნულს უბრუნდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შუქს რაღაც მოძრავი ბლოკავს.
ტექნიკურად ამ მოვლენას დაჩრდილვას (ოკულაცია) უწოდებენ. პროცესი ასიმეტრიულია; სინათლის მბლოკავი ობიექტი თავად ვარსკვლავზე ორჯერ გრძელია (როგორც ამას ზემოთ მოცემულ ანიმაციაში ხედავთ).
ჩაბნელებებს ასტრონომებმა კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ შეგროვებულ მონაცემებში მიაგნეს.
ტაბის ვარსკვლავისგან განსხვავებით, EPIC 204376071-ის საიდუმლოს ამოხსნა შეიძლება გაცილებით მარტივი იყოს. მართლაც, ასტრონომებს უკვე აქვთ რამდენიმე მოსაზრება. აქვე გეტყვით, რომ არც ერთი მათგანი არ ეხება არამიწიერი ცივილიზაციის მიერ აგებულ მეგასტრუქტურას, მაგრამ თეორიები უდავოდ საინტერესოა.
EPIC 204376071 წითელი ჯუჯა ვარსკვლავია და საკმაოდ განსხვავდება მზისგან. აქვს მზის მასის მხოლოდ 16 პროცენტი და ზომის 63 პროცენტი. მისი სიკაშკაშე მზის ნათების მხოლოდ 3 პროცენტს შეადგენს, ეფექტიანი ტემპერატურა კი დაახლოებით 5777 გრადუს ცელსიუსს.
როგორც ხედავთ, ის პატარა, ბნელი, დაბალმასიანი ვარსკვლავია. გარდა ამისა, ის საკმაოდ ახალგაზრდაცაა, სულ რაღაც 10 მილიონი წლის. ახასიათებს ამოფრქვევათა ძლიერი აქტივობა, სხვა მხრივ კი საკმაოდ მშვიდია. ეს ყველაფერი წითელ ჯუჯა ვარსკვლავთა ტიპური მახასიათებლებია.
მსგავსი ჩაბნელებები ასიმეტრიული შესვლითა და გასვლით მკვლევრებმა სხვა ვარსკვლავში ადრეც შენიშნეს.
2017 წელს ასტრონომებმა აღმოაჩინეს ვარსკვლავი სახელად KIC 10403228, რომელიც ასევე უცნაურად ბნელდებოდა. თანდათან გაირკვა, რომ მის ჩაბნელებას დახრილი, რგოლებიანი პლანეტა უნდა იწვევდეს.
თავად ვარსკვლავებს რგოლების სისტემები არ აქვთ, მაგრამ თუ მას გარშემო უვლის სხვა სხეული, მაგალითად ყავისფერი ჯუჯა ან მოზრდილი რგოლებიანი პლანეტა, შესაძლებელია, რომ მათ მისი სინათლე მნიშვნელოვნად ჩააბნელონ.
მართალია, აღნიშნული ორი ვარსკვლავის ჩაბნელებები ერთმანეთს ხასიათით დიად არ ჰგავს, მაგრამ მკვლევრებმა შექმნეს მოდელი, რომელიც გულისხმობდა EPIC 204376071-ის სინათლის ჩაბნელებას დიდი რგოლებიანი პლანეტის მიერ. შედეგები ზუსტად დაემთხვა ჩატარებულ დაკვირვებებს.
მოდელის მიხედვით, პლანეტა ვარსკვლავს გარს უნდა უვლიდეს 28 დღეში ერთხელ და მისგან დაშორებული უნდა იყოს მზესა და დედამიწას შორის არსებული მანძილის მხოლოდ 10 პროცენტით.
თუმცა, რეალური მონაცემები სხვას მეტყველებს. გამომდინარე იქიდან, რომ კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი ჩაბნელებებს მხოლოდ 160 დღის განმავლობაში აკვირდებოდა, რაც არ უნდა მოძრაობდეს ამ ვარსკვლავის გარშემო, მისი ორბიტული პერიოდი 80 დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს.
კიდევ ერთი შესაძლო ახსნის მიხედვით, ჩაბნელებათა მიზეზია ვარსკვლავსა და ჩვენ შორის მოძრავი მტვრის ფენები, რომლებიც ვარსკვლავის გარშემო არამდგრად ორბიტაზე მოძრაობს.
საინტერესოა, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე? რგოლებიანი პლანეტა? მტვრის ფარდა? ან იქნებ პროტოპლანეტური დისკო? ეს უკანასკნელი განსაკუთრებით დამახასიათებელია ახალგაზრდა ვარსკვლავთათვის.
ასტრონომები კვლევას აგრძელებენ და იმედოვნებენ, რომ საბოლოო პასუხს მალე მიიღებენ.
კვლევა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.