როგორც ჩანს, „უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავი მარტო არ არის — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
როგორც ჩანს, „უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავი მარტო არ არის — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

აღმოჩენილია ახალი დეტალი, რომელიც შეიძლება უცნაურად ჩაბნელებადი ვარსკვლავის საიდუმლოს ამოხსნაში დაგვეხმაროს. როგორც ჩანს, KIC 8462852-ს, იგივე ტაბის ან ბოიაჯიანის ვარსკვლავს ბინარული კომპანიონი ჰყავს, რომელსაც შეიძლება წვლილი შეჰქონდეს მისი სიკაშკაშის არარეგულარულ ჩაბნელებებში.

უფრო დეტალური დაკვირვებებით დადასტურების შემთხვევაში, ახლად აღმოჩენილმა კომპანიონმა ვარსკვლავმა შეიძლება ასტრონომებს საბოლოოდ ამოახსნევინოს KIC 8462852-ის საიდუმლო, რომელიც უკვე წლებია, დიდი თავსატეხი გახდა.

ვარსკვლავი 2015 წელს ტაბეთა ბოიაჯიანმა აღმოაჩინა (ამიტომ უწოდებენ ტაბის ვარსკვლავს) და მას შემდეგ, ნამდვილ თავსატეხად იქცა. ეს მოყვითალო-მოთეთრო ვარსკვლავი ჩვენგან 1470 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და ხანდახან არარეგულარულად, უპროგნოზოდ ბნელდება. ჩაბნელებებსა და შორის მათ მასშტაბებში არ არსებობს რაიმე რეგულარულობა — ზოგჯერ ვარსკვლავის სიკაშკაშე 22 პროცენტითაც კი იკლებს.

ასეთი ქცევის მიზეზი ვერ იქნება პლანეტები; როდესაც ვარსკვლავსა და ჩვენს შორის მის გარშემო მოძრავი პლანეტა ჩაივლის, მან ვარსკვლავის სინათლე ერთი პროცენტით ან უფრო ნაკლებით უნდა ჩააბნელოს, თანაც რეგულარული ინტერვალებით.

გარდა ამისა, როდესაც ტაბის ვარსკვლავი ბნელდება, ტალღის ზოგიერთი სიგრძე სხვებზე მეტად იბლოკება. ეს კი გამორიცხავს მყარ ობიექტს (მაგალითად, უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურას ვარსკვლავის გარშემო, როგორც 2016 წელს ვარაუდობდნენ), რომელიც ტალღის ყველა სიგრძეს თანაბრად უნდა ბლოკავდეს.

შესაბამისად, ყველზე სავარაუდო მიზეზი უნდა იყოს ოპტიკურად თხელი მტვერი ან ნარჩენები, შეიძლება დამსხვრეული პლანეტოშენადედისგან დარჩენილი ან ექსცენტრიულ ორბიტაზე მოძრავი კომეტები; არ არის გამორიცხული მათი კომბინაციაც.

ყველა ამ მასალის არსებობა შეიძლება ახსნას ფართო ორბიტაზე მოძრავმა ბინარულმა კომპანიონმა ვარსკვლავმა, რომელიც ორბიტაზე მოძრავ სხეულებს დამატებით უნდა ანიჭებდეს გრავიტაციულ რყევებს.

2016 წლის შემდეგ, არიზონის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი ლოგან პირსის ხელმძღვანელობით, ცდილობდა დაემტკიცებინა KIC 8462852-ის პოტენციური კავშირი ახლომდებარე ვარსკვლავთან. მათი კვლევა გამოსაქვეყნებლად უკვე მიიღო The Astrophysical Journal-მა.

მათი სამუშაო განსაკუთრებით გაართულა სივრცის სამ განზომილებაში გაზომვის სიძნელემ. ვარსკვლავები, რომლებიც შორიდან საკმაოდ ახლოს ჩანან, სინამდვილეში შეიძლება ერთმანეთისგან წარმოუდგენლად შორს იყვნენ. ამიტომ, პირსის ჯგუფმა ხუთწლიან დაკვირვებათა შედეგად შეგროვებული მონაცემები გამოიყენა, რათა ზუსტი ასტრომეტრიული გაზომვები ჩაეტარებინა მკრთალი ვარსკვლავისთვის, რომელიც KIC 8462852-თან ახლოს ჩანდა.

„ამ კვლევაში Keck/NIRC2-ის მიერ ხუთი წლის განმავლობაში შეგროვებული ასტრომეტრიული მონაცემები გამოვიყენეთ, რათა ხელახლა შეგვეფასებინა KIC 8462852-ის ახლო კომპანიონის სტატუსი; აღმოჩნდა, რომ ისინი საერთო წესიერი მოძრაობის წყვილია და წარმოადგენენ გრავიტაციულად შეკრულ ბინარულ (ორმაგ) სისტემას“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

გარდა კეკის ობსერვატორიის მიერ წარმოებული დაკვირვებებისა, მკვლევრებმა ასევე გამოიყენეს ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდ „გაიას“ მიერ 2020 წელს გამოგზავნილი მონაცემებიც — ამ დროისათვის ირმის ნახტომის ყველაზე სრული და ზუსტი სამგანზომილებიანი რუკა; გაზომვები ჯგუფის მიგნებებს დაემთხვა.

ორი ვარსკვლავი ერთმანეთისგან 880 ასტრონომიული ერთეულით არის დაშორებული (ერთი ასტრონომიული ერთეული არის მანძილი მზესა და დედამიწას შორის). ტაბის ვარსკვლავი, იგივე KIC 8462852 A სისტემის დიდი ვარსკვლავია, ჩვენს მზეზე 1,36-ჯერ მასიური და ზომით 1,5-ჯერ დიდი. მისი კომპანიონი, KIC 8462852 B წითელი ჯუჯაა, მზეზე 0,44-ჯერ მასიური, მაგრამ მზის 0,45 ზომის მქონე ვარსკვლავი.

ასეთი შორი მანძილიდან, KIC 8462852-ს არ უნდა ჰქონდეს რაიმე პირდაპირი გავლენა KIC 8462852 A-ს სიკაშკაშეზე. თუმცა, ის მაინც შეიძლება გარკვეულ როლს თამაშობდეს მისი სინათლის იდუმალ რყევებში.

„ბინარული კომპანიონი შეიძლება გავლენას ახდენდეს სისტემის გრძელვადიან ევოლუციაზე“, — წერენ მკვლევრები.

მეცნიერებმა წარსულში უკვე დაადგინეს, რომ ერთმანეთისგან დიდად დაშორებულ ვარსკვლავურ ბინარებზე შეიძლება უფრო დიდი გრავიტაციული ძალები მოქმედებს, რათა ძალიან ახლოს იმოძრაონ თავიანთ მასის საერთო ცენტრთან მრავალჯერ დაახლოებით 10 მილიარდი წლის განმავლობაში.

თავის მხრივ, ამან შეიძლება გამოიწვიოს ქაოსი მათ გარშემო მოძრავ პლანეტებსა და სხვა პატარა სხეულებში — გრავიტაციულ ურთიერთქმედებათა გამო, ისინი იწელებიან და იშლებიან, რის შედეგადაც წარმოიქმნება ნარჩენების ღრუბელი.

ასეთი სცენარი ჯერ დადასტურებას საჭიროებს. ერთმანეთისგან ასე დიდ მანძილზე, ორ ვარსკვლავს უკიდურესად დიდი ორბიტა უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამ დროისათვის ჩატარებული დაკვირვებები ამ ორბიტის დასახასიათებლად საკმარისი არ არის. KIC 8462852 B-შეიძლება იყოს სისტემიდან ამოგდებული ვარსკვლავი, ანდაც, ეს ორი ვარსკვლავი შეიძლება თანამოძრავი ჯგუფის ნაწილი იყოს.

მკვლევართა აზრით, მათ მიერ ჩატარებული დაკვირვებები ყველაზე მეტად ბინარულ სისტემაზე მიუთითებს, თუმცა, ამ ორი ვარსკვლავის ურთიერთობის უკეთ დასადგენად დამატებითი დაკვირვებებია საჭირო. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დადასტურდეს ან გამოირიცხოს KIC 8462852 B-ის როლი ტაბის ვარსკვლავის სიკაშკაშის რყევაში.

მათ კი, ვისაც საიდუმლოები გიყვართ და იმედოვნებდით, რომ ტაბის ვარსკვლავის ჩაბნელებათა მიზეზი შეიძლება არამიწიერი ცივილიზაციის მიერ ენერგიის შესაგროვებლად აგებული მეგასტრუქტურა ყოფილიყო, გეტყვით, რომ გალაქტიკა სავსეა უცნაურად ჩაბნელებადი სხვა ვარსკვლავებით.

კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდება, იქამდე კი ხელმისაწვომია სერვერზე arXiv.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.