ორი პატარა ვარსკვლავი ერთმანეთის გარშემო იმდენად ახლოს მოძრაობს, რომ მთლიანი სისტემა მზეში მოთავსდებოდა — #1tvმეცნიერება
ორი პატარა ვარსკვლავი ერთმანეთის გარშემო იმდენად ახლოს მოძრაობს, რომ მთლიანი სისტემა მზეში მოთავსდებოდა — #1tvმეცნიერება

აღმოჩენილია ორმაგი ვარსკვლავი, რომლებიც იმდენად ახლოს მოძრაობენ ერთმანეთთან, რომ მთლიანი სისტემა თავისუფლად ჩაეტეოდა ჩვენს მზეში.

სისტემას ZTF J2020+5033-ს უწოდებენ, მდებარეობს ჩვენგან 457 სინათლის წლის მანძილზე და შედგება მაღალმასიანი ყავისფერი ჯუჯისა და დაბამლასიანი წითელი ჯუჯისგან, რომლებიც ერთმანეთის გარშემო 1,9-საათიან ორბიტაზე მოძრაობენ. აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ ყავისფერი ჯუჯის ყველაზე ახლო ორბიტა, რომელიც ამ დრომდე ჩვენთვის ცნობილ ყველაზე ახლო ორბიტაზე შვიდჯერ მცირეა; ორ ობიექტს შორის მანძილი მზის რადიუსის ნახევარზე ნაკლებია.

ამ დროისათვის, სხვა მცირე ვარსკვლავებთან ასე ახლო ორბიტაზე მოძრავი მხოლოდ რამდენიმე ყავისფერი ჯუჯაა აღმოჩენილი. მკვლევართა განცხადებით, მინიშნება ამის მიზეზების შესახებ, შეიძლება სწორედ ZTF J2020+5033-მა შემოგვთავაზოს; მკვლევართა ჯგუფს ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრის ასტროფიზიკოსი კარიმ ელ-ბადრი ხელმძღვანელობდა.

ტექნიკურად, ყავისფერი ჯუჯები ვარსკვლავის განმარტებას არ აკმაყოფილებენ და წარმოადგენენ გარდამავალ ობიექტებს ციცქნა ვარსკვლავებსა და მასიურ პლანეტებს შორის. მათი მასა 13-80 იუპიტერის მასებს შორის მერყეობს, რაც საკმარისია მათ ბირთვში დეიტერიუმის სინთეზის დასაწყებად, თუმცა, ასეთი მასა არასაკმარისია წყალბადის სინთეზისთვის, რაც ვარსკვლავებს ამარაგებს ენერგიით.

ისინი პატარა და მკრთალია და შესაბამისად, რთულად შესამჩნევი. ამ დროისათვის, ირმის ნახტომში დაახლოებით 5000 ყავისფერი ჯუჯაა აღმოჩენილი და მათი უმეტესობა იზოლირებულია, ცალკე, თავისთვის. მზის მსგავს და დაბალმასიან ვარსკვლავთა მხოლოდ დაახლოებით ერთი პროცენტია ყავისფერ ჯუჯასთან წყვილში, სულ რამდენიმე ასტრონომიული ერთეულის რადიუსში.

მიუხედავად ამისა, ასტრონომები ასეთ ორმაგ სისტემებს (ბინარული) გამალებით ეძებენ. წყვილური ყავისფერი ჯუჯები, რომლებიც კომპანიონ ვარსკვლავთან ურთიერთქმედებენ, შეიძლება მათ მახასიათებელთა უკეთ დადგენაში და შესაბამისად, მათი ფორმაციისა და ევოლუციის უკეთესად გარკვევაში დაგვეხმაროს.

ელ-ბადრი და მისი კოლეგები ისეთ დაბალმასიან ბინარებს ეძებდნენ, რომლებშიც შეიძლება ყავისფერი ჯუჯაც ყოფილიყო. ამისათვის ტელესკოპ Zwicky Transient Facility-ს იყენებდნენ; ასე აღმოაჩინეს სისტემა ZTF J2020+5033. სხვადასხვა მონაცემთა ბაზის საფუძველზე, მათ შორის ხომალდ გაიას მონაცემებით შესწავლისას, მათ სისტემა ზუსტად გაზომეს და მისი მახასიათებლებიც დაადასტურეს.

შედარებით პატარაა სისტემის წითელი ჯუჯაც — მას ჩვენი მზის რადიუსის მხოლოდ 17,6 პროცენტი და მასის 13,4 პროცენტი აქვს.

მეორე მხრივ, ყავისფერი ჯუჯა ამ იდუმალ ობიექტთა მაქსიმალური მასის ზღვართან ახლოს იმყოფება: აქვს დაახლოებით იუპიტერის რადიუსი, მაგრამ მასზე 80,1-ჯერ მეტი მასა.

როგორც სხვა მახასიათებლები მიუთითებს, ორივე ობიექტი საკმაოდ ხნიერია, რაც აჩენს კითხვებს, როგორ მოხვდნენ ისინი იქ, სადაც ახლა არიან. ელ-ბადრისა და მისი კოლეგების აზრით, ერთ დროს, ორივე მათგანი იმაზე გაცილებით დიდი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ახლა არიან და ამავე დროს, ერთმანეთისგან ამჟამინდელზე სულ მცირე ხუთჯერ მეტად დაშორებული.

როდესაც ვარსკვლავიდან მატერია გარბის, საბოლოოდ გაქცევამდე, ვარსკვლავის მაგნიტური ველი მას მნიშვნელოვან მანძილამდე ანელებს. ზუსტად ისე, როგორც ყინულის მოციგურავეს ბზრიალისას ანელებს გაშლილი მკლავები, მასის ასეთი გადანაწილება ვარსკვლავის ბრუნვას ანელებს, რაც ორმაგ ვარსკვლავთა შემთხვევაში ამცირებს ორბიტას. ამ სისტემის მჭიდრო ორბიტაზე დაყრდნობით, ჩანს, რომ ასეთი „მაგნიტური მუხრუჭი“ ეფექტიანი პროცესია, თანაც, დაბალმასიან ყავისფერ ჯუჯა ვარსკვლავთა შემთხვევაშიც კი.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალში, ZTF J2020+5033-ის ორბიტამ შემცირება უნდა განაგრძოს. მიუხედავად იმისა, რომ ის წითელ ჯუჯაზე პატარა და ნაკლებად მასიურია, ყავისფერ ჯუჯას ოდნავ მეტი აქვს ზედაპირის გრავიტაცია; ეს კი თავის მხრივ ნიშნავს, რომ რაც უფრო მიუახლოვდებიან ერთმანეთს, ყავისფერი ჯუჯა წითელი ჯუჯისგან მატერიის მოპარვას დაიწყებს.

თუკი მაგნიტური მუხრუჭი ორბიტის მილევაში როლს ასრულებს, მასის ეს ტრანსფერი რამდენიმე ათეულ მილიონ წელიწადში უნდა დაიწყოს. ამას ჩვენ ვერ მოვესწრებით, მაგრამ ჩვენთან ახლოს ასეთი სისტემის აღმოჩენა მიუთითებს, რომ ასეთი დაბალმასიანი ორმაგი ვარსკვლავები საკმაოდ ბევრი უნდა იყოს. ბევრი ჯერ არ გვაქვს ნაპოვნი, რადგან ისინი ასე მკრთალები არიან.

თუმცა, ტელესკოპების ტექნოლოგია სულ უფრო უმჯობესდება და სულ მალე, მეცნიერებმა შეიძლება უფრო ღრმად შეისწავლონ მაგნიტური მუხრუჭის მექანიზმი ციცქნა ვარსკვლავებში.

კვლევა The Open Journal of Astrophysics-ში გამოქვეყნდება, იქამდე კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.