აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი მიმდინარე კვირის ბოლოს მაკედონიაში გეგმავს ჩასვლას, სადაც ქვეყნის სახელწოდების ცვლილების შესახებ რეფერენდუმი უნდა გაიმართოს. სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგებზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული მაკედონიის გაწევრიანება ნატო-სა და ევროკავშირში.
„მე მივემგზავრები იქ, რათა მკაფიოდ ვაჩვენო, რომ ჩვენ მაკედონიელი ხალხის მხარეს ვართ“, – განაცხადა მეტისმა და შეშფოთება გამოთქვა მაკედონიაში დაგეგმილ ხმის მიცემის პროცედურაში რუსეთის ჩარევის შესაძლო მცდელობების გამო.
„შეშფოთებული ვარ, ეს მავნებლური ქმედებებია, რომლებიც რუსეთმა გამოსცადა ესტონეთიდან აშშ-მდე, უკრაინიდან და ახლა მაკედონიამდე. ეს ქმედებები ყოველთვის ადაპტირებულია კონკრეტულ სიტუაციასთან და ყოველგვარ მორალურ პრინციპებს სცდება“, – აღნიშნა მეტისმა.
ქვეყნის სახელწოდების შეცვლის შესახებ რეფერენდუმი 30 სექტემბერს უნდა გაიმართოს. მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, ეწოდოს თუ არა ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკას „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა“. ეს ნაბიჯი სკოპიეს საშუალებას მისცემს, დაარეგულიროს მრავალწლიანი დავა საბერძნეთთან, რომელსაც „მაკედონიის“ სახელწოდების რეგიონი გააჩნია და ამის გამო სკოპიეს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციას ბლოკავს.
ათენმა და სკოპიემ მაკედონიის სახელწოდების შეცვლის შესახებ შეთანხმებას ივნისში მოაწერეს ხელი. ამის შემდეგ, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, 2019 წელს მაკედონიასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება, ნატო-მ კი ქვეყანა ოფიციალურად მიიწვია ალიანსში.
11 ივლისს საბერძნეთმა ორი რუსი დიპლომატი გააძევა, კიდევ ორს კი ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. საბერძნეთმა ისინი მაკედონიასთან შეთანხმების ჩასაშლელად მიმართულ ქმედებებში დაადანაშაულა.