ამერიკის შეერთებულ შტატებში Nike-ის პროდუქციას დემონსტრაციულად წვავენ და შესაბამის ვიდეორგოლებს სოციალურ ქსელებით ავრცელებენ. ამის მიზეზად მოქალაქეები იმ ფაქტს ასახელებენ, რომ ბრენდის სარეკლამო სახე ამერიკული ფეხბურთის ცნობილი მოთამაშე კოლინ კაპერნიკი გახდა.
2016 წელს „სან-ფრანცისკო ფოთი ნაინერსის“ მოთამაშე კაპერინიკმა აშშ-ის ჰიმნის შესრულებისას ფეხზე დგომაზე უარი თქვა. ის ჰიმნის მოსმენის დროს ცალ მუხლზე იდგა. ამ ჟესტით სპორტსმენმა პოლიციელების მიერ ფერადკანიანი მოქალაქეების მკვლელობა გააპროტესტა.
კაპერნიკის დემარშს მაშინ ამერიკული საზოგადოება არაერთგვაროვნად შეხვდა. ბევრმა პოლიტიკოსმა და სპორტსმენმა, მათ შორის ბარაკ ობამამ და სერენა უილიამსმა მხარი დაუჭირეს ფეხბურთელს, ხოლო ზოგმა გააკრიტიკა.
ერთ-ერთი ყველაზე მწვავე განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა. მისი თქმით, კოპერნიკის ქცევა ქვეყნის მიმართ უპატივცემლობაა.
2017 წლის მარტიდან კაპერნიკი თავისუფალი აგენტია და მას კონტრაქტი არც ერთ კლუბთან არ აქვს.
საპროტესტო ვიდეორგოლები ჰაშთაგით #Justburnit (უბრალოდ დაწვი) სოციალურ ქსელებში 3 სექტემბრიდან გამოჩნდა. Nike-ის ახალ სარეკლამო რგოლში კაპერნიკი ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდის. მან Twitter-ის გვერდზე განათავსა ფოტო, რომელზეც Nike-ის ლოგოა განთავსებული და თან ახლავს წარწერა: „გჯეროდეთ რაღაცის, თუნდაც ამისთვის ყველაფრის მსხვერპლად გაღება მოგიწიოთ“.