ქალთა ლიგის მე-11 ტურის მატჩი ჩაიშალა #1TVSPORT
ქალთა ლიგის მე-11 ტურის მატჩი ჩაიშალა #1TVSPORT

ქალთა ეროვნული ლიგის მე-11 ტურის ცენტრალური მატჩი მოქმედ ჩემპიონს, „ნიკეს“ და „ლანჩხუთს“ შორის ჩაიშალა, – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

„მასპინძელმა გუნდმა თამაშში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. უახლოეს მომავალში, აღნიშნულ ფაქტს სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტი განიხილავს“, – წერია სფფ-ს განცხადებაში.

10 ტურის შემდეგ, „ლანჩხუთი“ 28 ქულით ქალთა ლიგაში პირველ ადგილზეა, მას შვიდი ქულით „კვარტალი“ ჩამორჩება, ხოლო „ნიკე“ – რვა ქულით. შეხვედრა თბილისში, „დინამო თბილისის“ აკადემიის სტადიონზე უნდა გამართულიყო.

„დღევანდელი მატჩი არ შედგა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ, თუმცა გოგონებმა მაინც არ მოიწყინეს“, – ასე გამოეხმაურა „ლანჩხუთის“ ოფიციალური ვებგვერდი მომხდარს.

ჩემპიონატის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირების ჩაშლის ორი ვერსიაა. პირველის მიხედვით, მასპინძლები მატჩის რამდენიმე კამერით გადაღების წინააღმდეგები იყვნენ, რის გამოც თამაშზე უარი თქვეს.

„ნიკეს“ მწვრთნელმა, გია კვარაცხელიამ კი საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ თამაშამდე კამერებთან დაკავშირებით ინციდენტი მოხდა, მაგრამ მატჩის გადადების მთავარი მიზეზად სხვა რამ დაასახელა.

„მთავარი მიზეზი მაღალი ტემპერატურა იყო. თამაში 12:30 საათზე უნდა დაწყებულიყო. სიცხის გამო მოედანი ხურდა და თამაშის ჩატარება გაუმართლებლად ჩავთვალეთ. მსგავსი მაგალითი მაისში რუსეთში მოხდა, სადაც „უფა“- „არსენალის“ ბოლო ტურის მატჩი 35 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის გამო გადადეს. ასეთ დროს, უეფა დასაშვებად მიიჩნევს მატჩის გადადებას“, – ამბობს გია კვარაცხელია.