ფინიშამდე ორი ტურით ადრე - ქალთა ლიგა სეზონის დასასრულს დაძაბულობით უახლოვდება
ფინიშამდე ორი ტურით ადრე - ქალთა ლიგა სეზონის დასასრულს დაძაბულობით უახლოვდება

ქალთა საფეხბურთო ლიგის გათამაშება, თითქმის ერთთვიანი შესვენების შემდეგ, სამი მატჩით განახლდა. მე-16 ტურში, გათამაშების ლიდერებმა მორიგი სამ-სამი ქულა აიღეს.

სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ნიკემ“ ჩხოროწყუს „სამეგრელო“ დიდი ანგარიშით დაამარცხა – 16:0. თბილისელთაგან, ამ დღეს, ყველაზე მეტი – ოთხი გოლი გუნდის კაპიტანმა, ნათია დანელიამ გაიტანა.

ლანჩხუთში, მეორეადგილოსანმა „ლანჩხუთმა“ საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი, ქუთაისის „მართვე“ მარტივად დაამარცხა – 8:1. ლანჩხუთელებიდან, სამ-სამი გოლი სალომე გასვიანმა და თამრიკო სალუქვაძემ გაიტანეს, ხოლო ირინა ხაბურზანიამ – ორი. ბათუმის „დინამომ“ კი სტუმრად, ახალციხეში „ზარზმას“ ანგარიშით 0:2 სძლია.

16 ტურის შემდეგ, გათამაშებას დაკარგული ქულების გარეშე თბილისის „ნიკე“ ლიდერობს. მხოლოდ სამი ქულით ნაკლები აქვს „ლანჩხუთს“. ამ გუნდების დაპირისპირება მომდევნო, მე-17 ტურში გაიმართება და არა მხოლოდ ტურის, არამედ, გათამაშების ცენტრალური მატჩი იქნება – გამარჯვების შემთხვევაში „ნიკე“ ერთი ტურით ადრე, ქვეყნის ჩემპიონობას გაინაღდებს. „ლანჩხუთი“ კი, ორ-ბურთიანი სხვაობით თუ მოიგებს, „ნიკეს“ ჩემპიონობისთვის თანაბარი ქულებით შეეცილება და მიმდინარე ქალთა ლიგის გამარჯვებულიც, ოფიციალურად, მხოლოდ ბოლო, მე-18 ტურში გაირკვევა.

16 ტურის შემდეგ ბომბარდირთა დავას 31 გატანილი გოლით, „ლანჩხუთის“ ფეხბურთელი, თამრიკო სალუქვაძე ლიდერობს.