საქართველოს ქალთა თასის სამი ნახევარფინალისტი ცნობილია - „ნიკემ“ კონკურენტი „კვარტალი“ დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ქალთა თასის სამი ნახევარფინალისტი ცნობილია - „ნიკემ“ კონკურენტი „კვარტალი“ დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს ქალთა თასის გათამაშებაში ¼-ფინალური შეხვედრები გაიმართა და სამი ნახევარფინალისტი გაირკვა.

საქართველოს ქალთა თასი მეორედ იმართება – მიმდინარე გათამაშება 3 ივლისს დაიწყო და 16 გუნდი მონაწილეობდა. ამ ეტაპს ქალთა ლიგის ექვსი და ქალთა ლიგა 2-ის ორი გუნდი შემორჩა. როგორც მერვედფინალური ეტაპის შეხვედრებში, ამჯერადაც, გამარჯვებულები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდნენ.

მუხრანის სტადიონზე „დიდგორმა“ „ფენიქსს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. გორის „პარკ არენაზე“ „გორი იუნაიტედმა“ ხობის „კოლხეთს“ უმასპინძლა – ძირითად და დამატებულ დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა (3:3) და პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც ხობელებმა უკეთ შეასრულეს (2:4) და ნახევარფინალში გავიდნენ.

ამ ეტაპის ყველაზე საინტერესო დაპირისპირება სფფ-ის ვარკეთილის ცენტრში ჩატარდა და ერთმანეთს თბილისური კლუბები შეხვდნენ – ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის, „ნიკეს“ მეტოქე ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ საბაზო გუნდი „კვარტალი“ იყო, რომელმაც მეტოქეს შანსი არ დაუტოვა – გია კვარაცხელიას გუნდმა მოწინააღმდეგე 4:0 დაამარცხა. მატვეევამ დუბლი შეასრულა, ხოლო თითო გოლი კირვალიძემ და ჭიჭინაძემ გაიტანეს.

თასის გათამაშების ამ ეტაპის კიდევ ერთი შეხვედრა „ნორჩ დინამოსა“ და თასის მოქმედ მფლობელ, „ლანჩხუთს“ შორის თბილისში უნდა გამართულიყო, მაგრამ გადაიდო და მოგვიანებით ჩატარდება.