აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ინვესტორებს სანქციების შესახებ აფრთხილებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ინვესტორებს სანქციების შესახებ აფრთხილებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ფირმები, რომლებიც რუსული ენერგეტიკული საექსპორტო გაზსადენის სექტორში არიან წარმოდგენილები, სანქციების რისკის ქვეშ საქმიანობენ“, – განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.
უწყებაში აცხადებენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ საფრთხეს უქმნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და სტაბილურობას, ასევე რუსეთს კიდევ ერთ ბერკეტს აძლევს, რომლითაც ის ევროპის სახელმწიფოებზე გავლენას მოახდენს. განსაკუთრებით ეს უკრაინას ეხება. რუსეთმა იცის, რომ აღნიშნული პროექტი ევროპაში უთანხმოებას იწვევს და კრემლი ამით სარგებლობს.
მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გერმანია რუსეთის მძევალია, რადგან ის ენერგეტიკულად რუსეთზეა დამოკიდებული და მხარს უჭერს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის პროექტს.
მერკელმა საპასუხოდ თქვა, რომ ბერლინი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტში 5 ევროპული კომპანიაა ჩართული. ესენია გერმანული Wintershall-ი და Uniper-ი, ავსტრიული OM, ჰოლანდიური Shell-ი და ფრანგული Engie.