აშშ რუსეთს უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
აშშ რუსეთს უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

აშშ შეშფოთებულია უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და რუსეთის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს მისი და სხვა უკრაინელი პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ჰიზერ ნაუერტის განცხადებაში.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, რომ შესაძლოა, კიდევ ერთი უდანაშაულო ადამიანი  გარდაიცვალოს რუსეთის ციხეში. ვიმედოვნებთ, რუსეთის ხელისუფლება გაათავისუფლებს სენცოვს, რათა თავიდან აიცილოს  ტრაგედია, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნას“, – ნათქვამია უწყების წარმომადგენლის განცხადებაში.

ოლეგ სენცოვის გათავისუფლებისკენ რუსეთს ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამაც მოუწოდეს.

რუსეთში დაპატიმრებული ოლეგ სენცოვი უკვე 100 დღეზე მეტია შიმშილობს. მისი ადვოკატის ინფორმაციით, უკრაინელი რეჟისორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება.

სენცოვმა უვადო შიმშილობა 14 მაისს გამოაცხადა. ის რუსეთის ციხეებში მყოფი ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას ითხოვს.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა სენცოვი სამ პირთან ერთად, ყირიმში ტერორიზმის ბრალდებით 2014 წლის მაისში დააკავეს. რუსული სპეცსამსახურების მტკიცებით, ისინი სიმფეროპოლში, სევასტოპოლსა და იალტაში დივერსიულ-ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ.

2015 წლის 25 აგვისტოს რუსეთის სასამართლომ რეჟისორს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.