აშშ-მა და ჩინეთმა სავაჭრო შეთანხმების პირველ ნაწილს მოაწერეს ხელი. შეთანხმების გაფორმების ცერემონია თეთრ სახლში გაიმართა.
სავაჭრო დავების დარეგულირების შეთანხმების პირველ ფაზას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ჩინეთის ვიცე-პრემიერმა, ლიუ ჰემ მოაწერეს ხელი.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, აშშ ჩინეთის პროდუქციაზე დაწესებული ტარიფების ნაწილს ინარჩუნებს, რათა დარწმუნდეს, რომ ჩინეთი შეთანხმების პირველი ნაწილით დაკისრებულ ვალდებულებებს ასრულებს.
„ერთად ჩვენ ვასწორებთ წარსულის შეცდომებს და ამერიკელი მუშებისთვის ეკონომიკური სამართლიანობისა და უსაფრთხოების მომავალს უზრუნველვყოფთ“, – განაცხადა ტრამპმა.
შეთანხმება ჩინეთის მიერ დამატებით სულ მცირე 200 მილიარდი დოლარის ამერიკული სასოფლო-სამეურნეო და სხვა პროდუქციისა და მომსახურების შეძენას ითვალისწინებს.
ორივე ქვეყნის წარმომადგენლებმა შეთანხმებას აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში ახალი ერა უწოდეს.