აშშ-ის საელჩო აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„აშშ-ის საელჩომ, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ძლიერმა მხარდამჭერმა, მოიწონა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის (ODIHR), ევროკავშირისა და გაერო-ს მედია მონიტორინგის (EU-UNDP) ანგარიშებში ასახული აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის, როგორც მიუკერძოებელი მედია საშუალების, ბოლოდროინდელი შეფასება. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მაუწყებლისა და მისი გენერალური დირექტორის ნათია კაპანაძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ტელევიზია და მისი ხელმძღვანელობა გააგრძელებენ დადებითი როლის შესრულებას საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარების საქმეში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ნათია კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენებას მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი ითხოვს.
ირაკლი დარცმელიძემ („ნაციონალური მოძრაობის“ კვოტა) და გიგა ჩხარტიშვილმა („ქართული ოცნების“ კვოტა) ბორდს შესაბამისი წერილით მიმართეს. პრეტენზია ტელევიზიის რეიტინგი, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვაა.
ამ დროისთვის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში სულ ხუთი მოქმედი წევრია და დირექტორის გადაყენებას სამი ხმა სჭირდება.